რას გააკეთებდა გიორგი გახარია დღეს რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდეს, იმისთვის, რომ საქართველომ დადებითი პასუხი მიიღოს, ამ კითხვას ყოფილი პრემიერი და პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ „TV პირველის“ ეთერში უპასუხა. გახარიამ ის ნაბიჯები დაასახელა, რასაც თავად დღევანდელ ვითარებაში გადადგამდა.
„პირველი გავაკეთებდი იმას, რომ გამოვიდოდი და გავაკეთებდი განცხადებას, რომ საქართველოს კრიტიკულად სჭირდება ეს სტატუსი. ამიტომ ჩვენ ყველანი, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური პოზიციონირების და აზრებისა, ამ საკითხის ირგვლივ ვერთიანდებით. ეს რაღაც კაკაფონია რომ მიდის და ყველა ცალ-ცალკე რომ რაღაცას მოუწოდებს ევროკავშირს, ასე კი არ იქნებოდა, ეს იქნებოდა ისე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერობით.
მეორე, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად იციან პრობლემები რა არის, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი სასამართლო არ არის იდეალური, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სასამართლოს რეფორმირების ნაწილში, ამ ნაბიჯებს გადავდგამთ.
ვიტყოდი, რომ მე, საქართველოს პრემიერი, ჩემი პირდაპირი დაქვემდებარებით, გამოვყოფ, ცალკე ერთეულს ადმინისტრაციაში, რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, ცალკე ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ იმუშავებს ჩვენს მეგობრებთან ინტეგრაციის პროცესის ეფექტურად განხორციელებაზე. ეს პოლიტიკური განაცხადიც იქნებოდა.
გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ მე თვითონ ვაყალიბებ დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ღარიბ, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში, როგორც მუდმივი პროცესი.
და რაც მთავარია, ვიტყოდი, ჩვენ გვესმის რა არის ევროპული დემოკრატია, ეს არის კომპრომისი და დიალოგი. თუ აქამდე რაღაც შეცდომები დავუშვით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგით შევძლოთ მივიდეთ კომპრომისებამდე ისეთ საკითხებამდე მაინც, რომლებზეც ჩვენი მოქალაქეები უკვე შეთანხმებულები არიან. ისინი შეთანხმებულები არიან, რომ ევროპა არის ის ოჯახი, რომელში წევრობაც უნდათ, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, განვითარებული ინსტიტუტებით“ – ამბობს გახარია.
იტყოდით თუ არა რომ ივანიშვილის ხელში კონცენტრიებული ხელისუფლება, რომელიც არც ანგარიშვალდებულია და არც არჩეული, ინსტიტუტებს ანგრევს? – ამ კითხვას კი ასე პასუხობს:
„მე აქამდე არ მივიდოდი, მე რაც ვთქვი, ეს ყველაფერი რომ თქვას და გააკეთოს, იმის თქმა აღარ დასჭირდება, ის თავისით მოგვარდება“.