მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებს და სხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგებს ახლა შტატების წამყვანი კლინიკის მედიკოსები სწავლობენ. უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა თქვან, რა ზიანი მიაყენა 50-დღიანმა შიმშილობამ პრეზიდენტის ჯანმრთელობას.
“მე გადავაგზავნე კომპიუტერული ტომოგრაფიის და MRT-ს კვლევების სურათები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადიოლოგიის განყოფილებაში ერთ-ერთი ჰოსპიტლის და ველოდები მათ პასუხს. პასუხს მივიღებ ალბათ სამშაბათს, დილას. როგორც ხედავთ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ეს მოსალოდნელი იყო, არ არის გასაკვირი. ადამიანი არ იკვებება და კარგად როგორ უნდა გახდეს?”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.