სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე 3 თვეა საგანგებო რეჟიმშია. იძიებენ, ვინ გაიტანა სუსი-დან სკანდალური დოკუმენტები. ინტერესდებიან ყველათი, ვისაც კი შესაძლოა წვდომა ჰქონოდა აკაკი ნემსაძესთან, რომლის სახელსაც ფაილების გატანას უკავშირებენ.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით ამის შემდეგ აკაკი ნემსაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სავარაუდოდ, ამავე მიზეზით დაკავებულია აკაკი ნემსაძის მეგობარი და ოჯახის ნათესავი, აკაკი კობერიძე. პოლკოვნიკი, რომელიც სუს-დან 2 წლის წამოვიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, დაკავებულს გამოძიება რამდენიმე ბრალდების აღიარებას აიძულებს, მათ შრის ერთ-ერთი – სუს-დან ფაილების გამოტანაში თანამონაწილეობა და მასში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ჩართულობაა. რა ფორმით, ამაზე ჯერ ღიად არავინ საუბრობს.
კობერიძე 1 ოქტომბერს მოსკოვის პროსპექტზე გაჩერდა, მისი მეუღლე და მათი მეგობარი მანქანიდან რამდენიმე წუთით მაღაზიაში გადავიდნენ, მოულოდნელად კი პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი აკაკი კობერიძის გარშემო გაჩერდა, გადაიკეტა მთელი ქუჩა და მანქანის ჩხრეკა დაიწყეს. საგამოძიებო მოქმედებას მაშინ ოჯახის წევრები არ დაასწრეს.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლკოვნიკი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. საქმის მასალებში დევს 1951 წელს გამოშვებული მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც როგორც ბრალდებულს ოჯახი ამბობს, მას თვალით არასოდეს უნახავს. სამართალდამცავებმა იარაღი შემთხვევის ადგილზე აკაკი კობერიძეს ფორმალურადაც არ აჩვენეს, მისი დალუქვა ადგილზე არ მომხდარა. სავარაუდოდ იარაღი დაილუქა მოგვიანებით ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში, სადაც კობერიძე გადაიყვანეს.
აკაკი კობერიძის ოჯახიც და უფლებადამცველიც ამტკიცებენ, რომ ყოფილ თანამშრომელს პოლიციელებმა უკანონო ნივთი ჩაუდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია რატომ უნდა ჰქონოდა პოლიციის პოლკოვნიკს უკანონო იარაღი, როცა მას ოფიციალურად შენახვისა და ტარების უფლებით რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი სახლში ისედაც ჰქონდა.
დაკავებამდე 1 კვირით ადრე კი მოსამართლის განჩინებით ფინანსური პოლიცია აკაკი კობერიძის საცხოვრებელ ბინაში შევიდა, ჩხრეკა მისი და მისი მეუღლის მშობლების სახლშიც ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ ბრალდებულის სოფელშიც გააგრძელა.
ჩხრეკის დაწყებამდე თბილისში გამომძიებლებმა ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ეძებდნენ მეხსიერების ბარათებსა და კომპიუტერებს, რატომ – აღარ განუმარტავთ.
ჩხრეკიდან დაკავებამდე კი აკაკი კობერიძესა და მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ მათ უკანონოდ უსმენდნენ.
დაკავებულია აკაკი ნემსაძის ნაცნობი კიდევ 1 პირი, გიორგი ბუტიკაშვილი. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება მანქანაში ჩაუდეს და 2 ოქტომბერს, ისიც გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს. ბუტიკაშვილი აკაკი ნემსაძის ახლო მეგობარი არ ყოფილა, უბრალოდ იცნობდა. ის აკაკი კობერიძის ახლო მეგობარია.
აკაკი ნემსაძის სავარაუდო თვითმკვლელობიდან დაახლოებით 1 თვეში სუსიდან საიდუმლო მასალები გავრცელდა. გარდაცვალებიდან კი დაახლოებით 2 კვირაში აკაკი კობერიძე და გიორგი ბუტიკაშვილი კვიპროსში წავიდნენ, მათ ბილეთები და სასტუმრო დაჯავშნილი მეგობრის გარდაცვალებამდე ჰქონდათ. საქართველოში დაბრუნებიდან მალევე კობერიძემ სახელმწიფო საზღვარი კიდევ ერთხელ რამდენიმე დღით გადაკვეთა. სავარაუდოდ ეს გახდა თვალშისაცემი საგამოძიებო უწყებებისთვის და მათით სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ.
ტვ მთავარი