ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირებში ორი ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჰქონდა შეხვედრები. კრამონი ამბობს, რომ “ლელოც” და “საქართველოსთვისაც” ითხოვდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
“ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირში, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას – “ლელოს” და გახარიას “საქართველოსთვის”. ორივე კატეგორიულად ითხოვდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას”, – წერს კრამონი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ “რადიკალური ოპოზიციისა” და მისი “უცხოელი ლობისტების” გეგმაა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, ამას საზოგადოების მღელვარება და მთავრობის გადატრიალება მოჰყვეს. ბოლო მსგავსი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ გუშინ გააკეთა.