„ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მის მიერ გატარებული რეფორმების ერთი პოზიტიური შემფასებელი როგორც ვერ მოძებნა? – რატომ არავინ საუბრობს ბრიუსელიდან, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები და დემოკრატიის ხარისხი არის დადებითი, მისაბაძი და მისაღები?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, პრობლემა ის კი არ არის, რომ “ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა, პრობლემაა ის, რომ ევროპარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წევრიც თავად “ქართული ოცნებაა“, საქართველოზე განსხვავებულ შეფასებას არ აქვეყნებს.
ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებები ბრიუსელიდან დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქვეყანას მხარდამჭერი განცხადებების გამკეთებელი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკოსთა ჯგუფი განსაკუთრებით სჭირდება.
“როდესაც რამდენიმე დღეში საქართველოსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა იყოს ცნობილი, ჩნდება კითხვა – “ქართული ოცნება“ არ მუშაობს თუ ვერ მუშაობს, რათა ბრიუსელიდან ვინმემ პოზიტიური განცხადება გაავრცელოს?
სად არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიმე ექსპერტული ორგანიზაცია, ვისთანაც “ქართული ოცნება“ მუშაობს იმისთვის, რომ “ქართული ოცნების“ მიერ 10 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწევების თაობაზე ევროკავშირში პოზიტიური შეფასებები გაკეთებულიყო.
პრობლემა არის არა “ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, არამედ პრობლემაა იმაში, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ საქმიანობას პოზიტიურად არავინ აფასებს. თავიანთან პოლიტიკურ ოჯახს ვერ ემუშავებიან თუ არ ემუშავებიან იმისთვის, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მათ მაინც შეაფასონ.
ადგილი აქვს საზოგადოების მოტყუების მცდელობა, რომ ვინაიდან “ევროპის სახალხო პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახია, ასეთ კრიტიკულ განცხადებას ამიტომ ავრცელებს. “ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მსხვილი და გავლენიანი ევროპული პოლიტიკური ოჯახის “სოციალ-დემოკრატების“ წევრი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში. გასცეს “ქართულმა ოცნებამ“ პასუხი კითხვაზე, არ მუშაობენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან, რათა მათ გამოაქვეყნონ განცხადება, სადაც ხელისუფლების საქმიანობა დადებითად იქნება შეფასებული, ვერ მუშაობენ, ნდობა არა აქვთ თუ რაშია საქმე?!“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.