ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და პუბლიცისტი ალექსანდრე ნევზოროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა უცხოეთის აგენტად, მეუღლესთან ერთად უკრაინის მოქალაქე გახდა.
ნევზოროვს გარკვეული პერიოდი შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მას რუსეთის კანონმდებლობის ის მუხლი წაუყენეს ბრალდებად რომელიც ცილისწამებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებს.
ნევზოროვი ავრცელებდა ფოტო და ვიდეო მასალას უკრაინიდან, კერძოდ კი მარიუპოლიდან და რუსეთის ხელისუფლებას და შეიარაღებულ ძალებს უკრაინელი ერის წინასწარ დაგეგმილ გენოციდში დებდა ბრალს.
“ადამიანს უზენაესმა მიანიჭა აზროვნების უნარი, აქედან გამომდინარე მე, ალექსანდრე ნევზოროვი ვამბობ, რომ რუსეთის ხელისუფლებაშია ბოროტი ძალა, რომლისთვისაც უცხოა მოლაპარაკებების გზით პრობლემის მოგვარება და ის ცდილობს ფონს გავიდეს მკვლელობათა სერიით და ომებით, ჟურნალისტებით დაწყებული და პოლიტიკოსებით დამთავრებული უამრავი ადამიანია მოკლული რუსეთში, რუსეთს ჰქონდა შანსი ეცხოვრა მსოფლიოს მაღალი განვითარების მქონე ქვეყნების გვერდით, ეცხოვრა ჯანსაღ საზოგადოებასთან ერთად ნორმალურ პირობებში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლემამ დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას დიქტატურა, ტირანია და სასტიკი ომები ამჯობინა.
ადამიანი პირნათელი უნდა იყოს საკუთარ სინდისთან, დიახ მე დღეს ვდგავარ უკრაინის გვერდით, რომელიც რუსული ბოროტების მსხვერპლია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქის ვალია ხმა აიმაღლოს ტირანიის და ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც უდანაშაულო ხალხი ეწირება”-ასეთი პოსტი დადო სოციალურ ქსელში ნევზოროვმა.
ნევზოროვის და მისი მეუღლის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.
intermedia.ge