რა შეცვალა ომმა 100 დღეში – ფაქტები და რიცხვები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნის, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჯერჯერობით სისხლისმღვრელ ომს ბოლო არ უჩანს და მეტიც, ზოგიერთი შეფასებით – ომის არანაკლებ რთული, ხანგრძლივი ფაზები ჯერ ისევ წინ არის.

კრემლის თავდაპირველი ამოცანა -„ბლიცკრიგად“ ჩაფიქრებული ე.წ. „სპეციალური საბრძოლო ოპერაცია“ 2-3 დღეში ვერ შესრულდა. ფაქტია ისიც, რომ პუტინის რუსეთმა თავდაპირველად დეკლარირებულ მიზნებს – უკრაინის სრულ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას – 100 დღეში ვერ მიაღწია.

ამ 100 დღეში, ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. პროცესში განსაკუთრებული გარდატეხა „ბუჩის მოვლენებმა“ შეიტანა.

ამ 100 დღეში გაფართოვდა უკრაინის მეგობარი ქვეყნების წრე, ხოლო რუსეთი „გეოპოლიტიკურ მარტოობაში“ აღმოჩნდა. რადიკალურად შეიცვალა უკრაინის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის ხარისხი და ძალისხმევა – თუკი საწყის ეტაპზე უკრაინას ძირითადად მხოლოდ საბჭოთა წარმოების შეიარაღებას აწვდიდნენ, ომის მე-100 დღეს ის უკვე ნატოს სტანდარტების შეიარაღებითა და მრავალი შთამბეჭდავი დაპირებით ხვდება.

  • რა მოიტანა და რა შეცვალა ომის 100-მა დღემ?
  • რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე და როგორია პროგნოზები?

რუსეთის არმიის ოფიცრებს აშკარად არ გამოადგათ სააღლუმო უნიფორმები, რომლებითაც, მათი გათვლით, 24 თებერვლიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, უკრაინაზე გამარჯვების აღსანიშნავად, კიევის მთავარ გამზირზე უნდა გაევლოთ. ომის მე-100 დღეს რუსი სამხედროები დონბასში მძიმე ბრძოლებში არიან ჩართული და კიევის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი უკვე თითქმის 31 000-ს უტოლდება.

თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქი ვერ აიღო და, 19 აპრილიდან, კონცენტრირებულად უტევს დონბასს, რუსეთის არმია, მასშტაბური ნგრევითა და დიდი მსხვერპლით, ისევ ცდილობს წინ წაწევასა და ახალი ტერიტორიების დაპყრობას.

კიევის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამპყრობლები ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ; თუმცა 3620 დასახლებული პუნქტიდან, სადაც რუსეთის ჯარები შევიდნენ, უკრაინელმა მებრძოლებმა 1017 უკვე გაათავისუფლეს

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 100 დღეში, რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაიპყრო იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე ის 2014 წლიდან აკონტროლებდა. მათ შორის არის ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც თვეების მანძილზე გმირულად იცავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, პოლკ „აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები.

მთავარსარდლისგან „სიცოცხლის გადარჩენის“ ბრძანების მიღების შემდეგ, 16-17 მაისს ისინი რუსულ მხარეს ჩაბარდნენ და ახლა მათ კრემლი გასამართლებას უპირებს.
მარიუპოლის გარდა, რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდა ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ნაწილი და ქალაქ სევეროდონეცკის ნაწილი.

მსხვერპლი და ნგრევა

ომის 100 დღეში, ცოცხალი ძალის მასშტაბური დანაკარგი განიცადა ორივე მხარემ.

კიევი არ აქვეყნებს სრულ მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი მებრძოლი შეიწირა ომმა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა ორიოდე დღის წინ – უკრაინა დღეში 60-100 მებრძოლს კარგავს.

ამ 100 დღეში ომმა 14 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 2 – უკრაინის მოქალაქე იყო. მათი ნაწილი მრავალი კვირის განმავლობაში მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდა.

გაეროს მიერ 29 მაისს გავრცელებული მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 6.8 მილიონს გადააჭარბა.

კიდევ 8 მილიონი ადამიანი – ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად იქცა.

ბავშვები

იუნისეფი აცხადებს, რომ ომმა უკრაინული ბავშვებისთვის ისეთი მასშტაბის „დამანგრეველი შედეგები“ მოიტანა, რომლის მსგავსიც ამსოფლიოს არ ახსოვს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში, სულ ცოტა, 262 ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ 415 დაიჭრა.

გაეროს სტატისტიკით, უკრაინაში ყოველდღე იღუპება 2-ზე მეტი ბავშვი, ხოლო 4-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა სახის ჭრილობას იღებს. ეს ძირითადად ხდება საცხოვრებელ პუნქტებზე შეიარაღებული თავდასხმის დროს – ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით.

გაეროს მონაცემებით:
ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს 5.2 მილიონი ბავშვი: 3 მილიონი – საკუთრივ უკრაინაში, ხოლო კიდევ 2.2 მილიონი – ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებში.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 დევნილად იქცა.

კიევის ბოლო მონაცემებით, უკრაინამ უკვე განიცადა 600 მილიარდი დოლარის ზარალი; საიდანაც 105 მილიარდი განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე მოდის. უკრაინაში განადგურდა 200 ქარხანა.

НВ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც სრულად არ ასახავს ნგრევის მასშტაბებს:

  • 44 მილიონ კვ. მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი;
  • 23.8 ათასი კილომეტრი საავტომობილო გზა;
  • 6.3 ათასი კმ სარკინიგზო ხაზი;
  • 41 სარკინიგზო ხიდი;
  • 643 სამედიცინო დაწესებულება;
  • 1123 სასწავლო დაწესებულება;
  • 621 – საბავშვო ბაღი;
  • 19 – ნავთობბაზა;
  • 19 სავაჭრო ცენტრი.

ქალაქებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დანგრეულია: მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.

კიევი იუწყება, რომ მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია და მათი 40% – აღდგენას ვეღარ დაექვემდებარება.

მეტი მოკავშირე, უკეთესი შეიარაღება

ომის 100 დღის ისტორია ბევრისთვის 2 ნაწილად დაიყო – „ბუჩის მოვლენებამდე“ და მას შემდეგ, როცა მსოფლიო შეაძრწუნა რუსი სამხედროების სისასტიკემ – მშვიდობიანი ადამიანების მასობრივად დახოცვამ და ბავშვების გაუპატიურებისა და მოკვლის არაერთმა ფაქტმა.

100 დღის მანძილზე ომმა ბიძგი მისცა მსოფლიოსთვის მანამდე მოულოდნელ და ზოგჯერ – უპრეცედენტო მოვლენებს:
  • პირველად უკრაინის შემთხვევაში გამოყო ფული ევროკავშირმა შეიარაღების შესაძენად;
  • უპრეცედენტო სისწრაფით მოხდა 3 ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების შეტანა და ევროკომისიის კითხვარების შევსება. მანამდე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევაში, ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ჩანაწერიც არ არსებობდა;
  • სანქციების ფარგლებში, დაიწყო უარის თქმის პროცესი რუსულ ენერგომატარებლებზე (გაზი, ნავთობი) – რასაც მოსკოვი წლების განმავლობაში სადამსჯელო პოლიტიკურ იარაღად იყენებდა;
  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის კიდევ დასჭირდა ლენდ-ლიზის აქტის გამოცემა, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე უკრაინისთვის;
  • დღის წესრიგში დადგა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, რაც მანამდე არც ამ ქვეყნებს სურდათ და რუსეთიც წარმოუდგენელ, მიუღებელ მოვლენად თვლიდა;
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში პირველად, 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვმა.

აპრილის დასაწყისის გახმაურებულმა ბუჩის შემზარავმა ამბებმა ბიძგი მისცა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.

ომის ეს პირველი 100 დღე, ანალიტიკოსების აზრით, უკანასკნელი ნამდვილად არ არის და, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ბრძოლები დღესვე რომ შეჩერდეს, რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება და მას შემდგომი მწვავე ფაზებიც ექნება.

რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მკვიდრდება პროფესიონალების აზრი იმის შესახებ, რომ წინ კიდევ ბევრი სასტიკი ბრძოლა და უმძიმესი ეტაპებია გადასალახი. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის დამარცხება ნელი ტემპითა და ხანგრძლივ ბრძოლასთან ერთად, საერთაშორისო სანქციების გზით მისი დასუსტებით უნდა მოხდეს.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share