საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხვალ, 4 ივნისს ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს თქმით, პროვოკაციაა ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება.
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა.
ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა.
გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.