„ჩინეთის ხელმძღვანელობას სურს დაეხმაროს რუსეთს, მაგრამ ისე, რომ დასავლური სანქციები არ დაარღვიოს. ამიტომ პეკინი თავის სოლიდარობას გარკვეულ ფარგლებში აქცევს და ცდილობს პრაქტიკული ნაბიჯების „საზღვრები“ დაიცვას, – წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში: “პეკინი გაღიზიანებულია მოსკოვის თხოვნით დახმარების თაობაზე“ (ავტორი – ელენ ნაკაშიმა).
ბოლო კვირაში რუსეთის ხელმძღვანელობა პეკინს სულ უფრო ხშირად სთხოვს დახმარებასა და „უსაზღვრო“ თანამშრომლობის თაობაზე იმ ერთობლივ განცხადებას ახსენებს, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გაიჟღერა. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ამ კონტაქტებს „დაძაბული“ უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება „სავაჭრო ვალდებულებებს“, რომლებიც 24 თებერვლამდე იქნა მიღებული, აგრეთვე ფინანსურ და ტექნიკურ თანამშრომლობას, რომლებიც აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტებშია შეტანილი.
„ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია დასავლეთის ანტირუსულ სანქციებთან მიმართებით და მათ უკანონოდ თვლის, – ამბობს ერთ-ერთი პეკინელი წყარო, – ჩვენ გვესმის, რომ მოსკოვი რთულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ მდგომარეობასაც. ჩინეთის ხელმძღვანელობა არასოდეს არ იმოქმედებს ჩინელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“.
ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის შეწყვეტისაკენ, მაგრამ უარს აცხადებს შეუერთდეს სახელმწიფოთა გლობალური კოალიციას, რომლებმაც რუსეთს სანქციები გამოუცხადეს. პეკინი კონფლიქტის გაჩაღებაში ბრალს სდებს ამერიკას და ამას იმით ხსნის, რომ სწორედ ამერიკაა აღმოსავლეთისაკენ (ანუ რუსეთის საზღვრებისაკენ) ნატოს გაფართოების ინიციატორი.
პეკინი საჯაროდ აცხადებს, რომ მოსკოვს მისთვის სამხედრო დახმარებისთვის არ მიუმართავს. ჩინელი ოფიციალური პირების თქმით, კონტაქტების დროს იარაღის მიწოდებაზე სიტყვა არ დაძრულა, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ, იყო თუ არა თხოვნა სხვა სახის პროდუქციის მიწოდებაზე, რომლებიც შეიძლება მოსკოვმა ომის დროს გამოიყენოს.
ჩინელების მტკიცებით, ამერიკული და დასავლური სანქციები უკანონოა და ამიტომ ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობას გააგრძელებს. კითხვას, თუ რამდენად ითვალისწინებს ჩინეთი იმას, რომ რუსეთისადმი დახმარებით პეკინი ვაშინგტონის გულისწყრომას გამოიწვევს, ერთ-ერთმა ჩინელმა ოფიციალურმა პირმა ასეთი პასუხი გასცა: „ჭეშმარიტებაა ისაა, რომ ვაშინგტონს პეკინსა და მოსკოვს შორის შუღლის ჩამოგდება სურს, მაგრამ ეს არ მოხდება. ამერიკა ვერ შეძლებს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის გაუარესებას“.
კვირის პალიტრა