მესამე პრეზიდენტი “ვივა მედის” კლინიკაში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პალატაში აზიარა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს საკვების მიღება.
მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა დაავადების განკურნება შეუძლებელია:
“როგორც თვითონ მას ვესაუბრე და მის მკურნალ ექიმთანაც მქონდა საუბარი, პრობლემა არის ის, რომ ვერ ღებულობს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს, მოინდომოს კიდევ უფრო მეტად და რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა. პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას თვეებია ითხოვს მისი ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმი.