“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის, – ასე გამოეხმაურა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მმართველი გუნდის წევრების კომენტარებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, 7 ივნისს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს.
“მათი რიტორიკა, რომელიც დაზარალებულებზე ძალადობის გაკიცხვის ნაცვლად, ოპოზიციონერებისგან მტრის ხატს ქმნის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური დევნის საფრთხეს შეიცავს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს.