ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის თქმით, უკანასკნელ წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ მიქსერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
მიქსერმა მედიაგარემოს გაუარესების მაგალითად, ჟურნალისტებზე თავდასხმები, ასევე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება მოიყვანა.
“ეს რეზოლუცია, რომელზეც ჩვენ კენჭს ვუყრით ხვალ ძირითადად მედიის თავისუფლებაზე და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს და იგი ძალიან კრიტიკულია ამ მიმართულებით. უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველო ჩამოქვეითდა მედიის თავისუფლების ინდექსში და აქ არ არის უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება, სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია და ამას ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობის მაგალითზე და ჩვენ ეს ბოლოს დავინახეთ, როცა ბატონ გვარამიას განაჩენი გამოუტანეს ორაზროვანი ბრალდებით და ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმ ნეგატიური ტენდენციების გამო, რასაც ჩვენ ამ სფეროში ვხედავთ და საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ქცევა იყო ძალიან იმედგაცრუების მომტანი ბევრისთვის და მე მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ჩვენ უფრო მკაცრი ხაზი უნდა გავატაროთ საქართველოსთან მიმართებაში და მათ უნდა ესმოდეთ, რომ როცა საქმე ეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ეს მათი გასაკეთებელია, მაგრამ ეს პოლიტიკის ცვლილება დაფუძნებული უნდა იყოს ძალიან კარგად გააზრებულ სტრატეგიაზე და არა უბრალოდ ემოციებზე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური შედეგები და დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ისე, რომ ამან არ იმოქმედოს უარყოფითად საქართველოს ხალხის მისწრაფებებზე ან ჩვენ საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებზე ამ რეგიონში”, – თქვა სვენ მიქსერმა.