მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გადაწყვიტა მისთვის უძვირფასესი ნივთებს ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად გაეყიდა.
„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია. დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია. დიდება უკრაინას…“, – დაწერა პედაგოგმა 4 მარტს.
ინიციატივას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელმაც თანხა ანგარიშზე გადარიცხა, თუმცა ნივთები კვლავ მის მფლობელს დაუტოვა.
საქველმოქმედო აქციის იდეას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მასწავლებლებისგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
„როდესაც მე ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება დაიწყეს, რომელიც ჩემს მიერ მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში 700 ათასი დოლარი იყო ჩარიცხული. თანხა გადავრიცხეთ ომის საკითხებზე მომუშავე პოლონურ ორგანიზაციაში, რომელსაც ფინანსურ დახმარებას სხვა ბევრი ქვეყანაც უწევდა. დანახარჯების შესახებ მუდმივად გვაწვდიან ინფორმაციას, ჩეკებს გვიგზავნიან… თანხა ჯერ სრულად ამოწურული არაა. რამდენიმე დღის წინ 120 ათასი იყო დარჩენილი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც თანხა გადმორიცხა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტრვიუში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა.