სალომე ზურაბიშვილი ევროპელია, სწორ “ტალღაზე დაჯდა” და ეს გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ხომ პრეზიდენტებს სწორი საუბრისთვის არ ვირჩევთ? – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ის პრეზიდენტისგან არაფერს მოელის, ამასთან, დასძენს, რომ არაადეკვატური იყო მისი პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.
„რისი დამცველია?! მისი ზოგიერთი გამონათქვამი ყურს სიამოვნებს, მის ამ გამოსვლებს ვუსმენთ, საკმაოდ კარგი ნიშა იპოვა. მე ესეც გამიკვირდა, რიტორიკის ნიშა იპოვა.
მაინც ევროპელია, ეს ძვალსა და რბილში აქვს, სწორ „ტალღაზე დაჯდა“ და ეს გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ხომ პრეზიდენტებს სწორი საუბრისთვის არ ვირჩევთ?
მისგან არაფრის მოლოდინი არ მაქვს. მისი არჩევანია, მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს რომ არ იწყალებს, მაგრამ არაადეკვატური იყო დღესვე პოსტი რომ დადო. ხომ ვიცით რომ არ იწყალებს, რაზე შეგვახსენა?! გაზაფხულის წვიმისავით მოქმედებებში გადავიდა, რაც მისთვის არის დამახასიათებელი“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
როგორც ხუხაშვილი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი ქმედების ადამიანი არ არის.
„თუ ევროპელი ხარ, თუ გინდა, რომ ევროპა შემოატრიალო და შანსები გააჩინო გვარამია შეიწყალე. გვარამიასაც არ იწყალებს – რატომ?! ის ქმედების ადამიანი არ არის. მას უნდა ისაუბროს, კარგი რაღაცები თქვას, ვიღაცას მოსწონდეს, შეაქოს. ამის იქით წამსვლელი არ არის, არ არის რეალური პოლიტიკოსი“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს და სპეკულაციები უნდა შეჩერდეს.