“პრობლემა დღეს არის არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალის პოვნა”

დეპუტატი ბექა ლილუაშვილი უმუშევრობის მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 20.6%-ია. თუ აღნიშნულ მონაცემებში სამუშაო ძალის ასაკს ჩავხედავთ, დაუსაქმებელთა შორის უმეტესობა 15-45 წლის ადამიანები არიან. ამ მოცემულობას ლილუაშვილი მუშახელის ქვეყნიდან გადინებას უკავშირებს, რაც ცხადია ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტს ქმნის.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო სიღარიბის ნაწილზე, რომელზეც დიდი სიამაყით მოგვახსენა პრემიერ მინისტრმა, რომ სიღარიბე ჩვენ შევამცირეთო. ბოლო წლის საოჯახო შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ თუ შემოსავლების სტრუქტურა გაიზარდა, ამ ზრდის მთავარი წყარო სოციალური დახმარებები იყო, რომლებიც 2020-21 წლებში, პოსტკოვიდის და კოვიდის დროს  გაიცა. რეალურად ამან შინამეურნეობების კვლევაში სიღარიბის შემცირება გამოიწვია. თუმცა ეს მდგრადი არ არის და მდგრადი შემოსავლები უნდა შეიქმნას – საჭიროა კომერციულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო უმუშევრობის მაჩვენებლებზე – 20.6%-დან 15%-ზე მეტი 15-45 წლის ასაკის იყო. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, რაც შედეგობრივად იმით მთავრდება, რომ სამუშაო ძალის მიგრაცია ხდება.

სამშენებლო სექტორთან მქონდა კომუნიკაცია და მათი მთავარი პრობლემა დღეს არის არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალის პოვნა. მითუმეტეს, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა დიდია”, – განაცხადა ლილუაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share