პრემიერმა ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს იმ “სიკეთეებზე” ილაპარაკა, რაც საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებში არჩართვამ მოუტანა
მთავრობის მეთაურმა ჯერ ისაუბრა, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ეკონომიკურად განსაკუთრებით გაძლიერდა და შემდეგ თქვა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი არ იქნებოდა, თუ რუსეთს სანქციებს დაუწესებდა.
ღარიბაშვილმა დღეს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გაჭირვებაზე ისაუბრა და თქვა, რომ არავინ ფიქრობს იმაზე როგორ ცხოვრობენ და შრომობენ ისინი რუსეთში და რა ბედი ელით.
” რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და მოგვესმინა მტრებისთვის, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში. ვინმეს ილუზია აქვს რომ ეკონომიკური ზრდა და რაიმე კი არა, არაფერი არ იქნებოდა. ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება.
ეს ყველაფერი თუ ვინმეს თუ წარმოუდგენია, რა იქნებოდა, თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს და რას ნიშნავდა ეს? რომ ჩვენ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.
მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 4 მილიონი, ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით?”,- თქვა ღარიბაშვილმა.
ამ განცხადების შემდეგ, ღარიბაშვილმა ევროკავშირს შეახსენა როგორი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს რუსეთთან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც ის უფრო გააქტიურდება და მეტ კითხვას დასვამს.
“ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის 1 მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი, ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, სახელმწიფოებრიობა? ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ, რა თქმა უნდა, ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას”- აღნიშნა ღარიბაშვილმა.