პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჯერ საქართველოს ეკუთვნის, შემდეგ კი უკრაინასა და მოლდოვას. მისივე აზრით, სტატუსის მინიჭება ომით არ უნდა განისაზღვროს.
ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ თუ საკითხზე გადაწყვეტილება სამართლიანი არ იქნება, მოქალაქეებს ყველაფერს აუხსნიან დეტალურად და ეტყვიან რა იყო მთავარი გამომწვევი მიზეზები რის გამოც თუნდაც “სამარცხვინო” რეზოლუცია მიიღეს.
“თუ ვინმეს ეკუთვნის მეგობრებო, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას. რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, თავისი ბრძოლით, 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსში, ბრატისლავაში, ბრიუსელში, ყველგან”, – თქვა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც ამტკიცებდა, რომ მოლდოვასა და უკრაინას საქართველო 10 თავით უსწრებს.