1806-1812 წლების რუსეთ ოსმალეთის ომმა 1809 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლა, ამავე წელს რუსებმა დაიკავეს რედუტკალე (ყულევი), რის შემდეგაც ფოთიდანაც განდევნეს ოსმალეთის ჯარი, გურიის მთავარმა მამია მეხუთემ ფოთის დაკავებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა, 1809 წლის 2 ნოემბერს გურიელი თავისი ჯარით თავს დაესხა გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკებულ ოსმალთა ბანაკს და სრულად გაანადგურა.
1810 წლის 19 ივნისს მამია გურიელმა რუსეთთან ტრაქტატს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც გურია რუსეთის მფარვეობაში გადავიდა.
რუსეთ ოსმალეთის ომი დამთავრდა 1812 წლის ბუქარესტის ზავით, რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა რუსეთის გავლენის სფეროდ სხვა ტერიტორიებთან ერთად აღიარა გურიის სამთავროც.
1810 წელს გურიაში რუსებმა შეკვეთილში მდინარე ნატანების შავ ზღვასთან შესართავში გადმოსხეს ბელევსკის ფეხოსანთა პოლკი, პოლკმა აქვე მოაწყო ყაზარმა, აშენდა რამდენიმე ქოხი, თავდაცვის მიზნით მოაწყვეს თავდაცვითი თხრილები და მიწაყრილები. ბელევსკის პოლკის შემადგენლობაში შედიოდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სალაშქრო ეკლესია, რომლის საპატივცემულოდ რუსებმა ამ ადგილს უწოდეს წმინდა ნიკოლოზის პოსტი.
ამ ადგილს რუსული წყაროები ხან წმინდა ნიკოლოზის პოსტად, წმ. ნიკოლოზის რედუტად, ხანაც ფორტად მოიხსენიებენ, ხოლო 1825 წლიდან ანუ ნიკოლოზ პირველის ტახტზე ასვლის შემდეგ კი ნიკოლაევსკად მოიხსენიებენ (ისევე როგორც იმავე პერიოდში დაარსებულ სხვა არაერთ სასაზღვრო სიმაგრეს).
1813-15 წლებში მამია გურიელის მონაწილებით ფორტს დაემატა კედლები და გაკეთდა მცირე ნავმისადგომი. შეკვეთილი ამ დღიდან გურიისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა, საიდანაც ძირითადად გურიაში მოჭრილი ძვირფასი მერქანი (ბზა, ურთხელი და ა.შ.) გადიოდა ექსპორტზე. ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი (რუსი პუბლიცისტი), რომელმაც ფორტი მოინახულა 1851 წელს – 1853 წელს გამოქვეყნებულ სტატიაშიასე აღწერს წმინდა ფორტს:
„ამ დროისათვის ნიკოლაევსკი წარმოადგენს არაფერ სხვას თუ არა ქვიშის ბორცვს, რომელზეც დგას საბაჟო ზასტავა, კარანტინი, პროვიანტის მაღაზია და ყაზარმა 30 ჯარისკაცზე, დარაჯებისათვის. ქვემოთ მიედინება მ. ნატანება, რომელიც იქვე უერთდება მდინარე ჩოლოქს, რომლის მეორე მხარეს უკვე თურქეთის სანაპიროა, სადაც აშენებულია დიდი ყავახანა, თუქული გემებისა და ბარკასების სადგომით. ჩვეულებრივ დროს ნატანები მეჩხერწყლიანია და მისი გადალახვა ფონით შესაძლებელია, მდინარის ზღვასთან შესართავი წყალუხვობისა და ზღვის ქარის დროს ღელავს, რაც მის ფარვატორს ძალიან საშიშს ხდის. ნათელ დღეებში მაღაზიის სახურავიდან კარგად ჩანს 7 ვერსტით დაშორებული თურქული სოფელი ქობულეთი და ძალიან შესამჩნევია 40 ვერსტზე მდებარე ბათუმის ყურე, მეჩხერწლიანობის დროს ხუთი არშინის სიგრძის ფიცარი საკმარისია ხიდის მაგივრობა გასწიოს და დაუკავშიროს ერთმანეთს ორი სახელმწიფო რუსეთი და თურქეთი. ჩემი ნიკოლაევსკში ყოფნისას ვნახე მოხუცი თარჯიმანი, ბელევსკის პოლკის მეთაურთა შემადგენლობიდან, მასთან ერთად შემოვიარე შემოგარენი და მან მანახა ადგილი სადაც იყო პოლკის განლაგება. მოედანი სადაც აშენებული იყო სალაშქრო ეკლესია დიდი ხნის წინ ჩაუტანია მდინარეს, მიწაყრილის საფუძველიც წყალს ჰქონდა წაღებული. ახლანდელი ნიკოლაევსკის ადგილი კი ოდესღაც დასახლებული იყო ცოლიანი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც შეადგენდნენ სიმაგრის ფორშტატს. სტრატეგიული თვალსაზრისით ნიკოლაევსკს არანაირი შეღავათი არ მოაქვს, მისი გამაგრება შეუძლებელია, ძალისხმევა სრულიად ტყუილად დაიკარგება, რადგანაც ქვიშიდან გაკეთებულ ბორცვს ყოველწელს რეცხავს ნატანები, რომელიც ხშირად იცვლის კალაპოტს. ეს ადგილი ხელსაყრელია სავაჭრო ურთიერთობისათვის და შესაძლებელია გამოყენებული იქნას სადამკვირვებლო პუნქტად. ის ტყითა და ჭაობითაა გარშემორტყმული და გაცილებით უფრო საშიშია ჯანმრთელობისათვის ვიდრე რედუტ კალე. გარნიზონი და მოსახლეობა იტანჯება მუდმივი ციებცხელებისაგან. იქ არსებული სახლები კი ცუდად იცავენ მოსახლეობას უამინდობისა და ზღვიდან მოვარდნილი ძლიერი ქარებისაგან, რადგანაც აშენებულნი არიან ფიცრებით ადგილობრივი წესებით ღუმელებისა და ბუხრების გარეშე, აქ რკინის ურდულებიც კი ფუფუნების საგანს წარმოადგენს, ღამეები ნისლიანი და ნესტიანია. საერთოდ ნიკოლაევსკი არ მომეწონა, ალბად იმიტომ, რომ ამ ადგილზე სამკვირიანი ყოფნა, ორწლიან შავი ზღვის ციებცხელებად დამიჯდა.“
ნიკოლოზ დუნკელ-ველინგის წერილის გაცნობისას გასათვალისწინებელია, რომ მან გურიაში იმოგზაურა 1851 წელს, წერილი კი გამოქვეყნებულია 1853 წლის 4 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ რაც ამავე წლის 16 ოქტომბერს თურქებმა (ხუთიათასი ჯარისკაცით) აიღეს ნიკოლაევსკი, რომელსაც ხუთასამდე რუსი ჯარისკაცი და გურიის მილიცია იცავდა. ისე რომ ფორტის დაკარგვის შესახებ არაფერი არ იცოდნენ 20 ოქტომბერს გარნიზონის დასახმარებლად ნიკოლაევსკის ფარვატორში შემავალი რუსული ფრეგატი „კოლხიდა“ ქვიშაზე დაჯდა, რის შემდეგაც ფრეგატმა მძიმე დაზიანებები მიიღო თურქული არტილერიის ცეცხლის შედეგად,რუსებმა ძვლივს გაიყვანეს ფრეგატი ზღვაში. ამის შემდეგ 7 ნოემბერს შვიდი საბრძოლო გემისა და რვა სადესანდო ნავისგან შემდეგარმა რუსულმა ესკადრამ შეუტია ფორტს მაგრამ ვერ შეძლო მისი აღება. რუსეთ თურქეთის ყირიმის სამივე ეპიზოდი გასაგები მიზეზების გამო განსხვავებულად გაშუქდა ორივე მხარის მიერ, თუქულ ილუსტრაციებზე ასახულია შეკვეთილის საკმაოდ მძლავრი სიმაგრე, ხოლო რუსული გამოცემები არ განსხვავდება ზემოხსენებული დუნკელ-ველინგის აღწერისაგან.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა