„180 გრადუსით 180 დღეში…” – ანუ რა უნდა ვიცოდეთ EU-ს გადაწყვეტილების შესახებ

23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიის მიერ 17 ივნისს ე.წ. ასოცირებული ტრიოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სტატუსზე გაცემული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაუმტკიცა.

საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა პირობებით. საქართველოს შემთხვევაში ეს მოხდა პირიქით, ქვეყანამ ჯერ წინაპირობები უნდა შეასრულოს, რის შემდეგაც ევროკომისია დაუბრუნდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვას. 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ სამივე ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სახელმწიფო უწყებების მუშაობის გაუმჯობესების, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

საქართველოსთან მიმართებით ასევე აღნიშნულია, რომ უნდა მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით; უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო, მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და სხვა მედიამუშაკებისთვის შექმნილი საფრთხეების დროს; ახალი ომბუდსმენის დასახელების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.

სამივე ქვეყნის რეფორმების პროგრესს ევროკომისია მიმდინარე წლის ბოლოს ხელახლა შეაფასებს. შეფასების შემდეგ, საუკეთესო სცენარით, დაიწყება ახალი ეტაპი. კერძოდ, უკრაინა და მოლდოვა გაწევრების მოლაპარაკების ეტაპზე გადავა, საქართველო კი კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და ახლა ქვეყანაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ჯეროვნად შეასრულებს რეკომენდაციებს.

ევროკომისიის რეკომენდაციის გამოცხადების დღიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხან ევროკავშირის, ხან ოპოზიციის, ხან კი გეოგრაფიის დადანაშაულება დაიწყეს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსი ფინანსურ და მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს ქვეყანას, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი არ არის ნაგულისხმევი და რომ დეპოლარიზაციის პრობლემის გადაუჭრელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ოპოზიციაა.

„ქართული ოცნების“ ამგვარმა პოზიციებმა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოლოდინი გაუჩინა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს.

რას ნიშნავს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რამ განაპირობა ასოცირებული ტრიოსთვის განსხვავებული რეკომენდაციები და როგორი სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი წლის ბოლოს? „პუბლიკა“ ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ვანო ჩხიკვაძეს და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“( EPRC) მკვლევრებს, გიგი გიგიაძესა და შოთა ღვინერიას ესაუბრა.

  • რას ნიშნავს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს საქართველომ

ექსპერტების განმარტებით, საბჭომ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს მიაჩნია, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. 

მათი თქმით, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გზაზე პერსპექტივის აღიარება დიდი ნაბიჯია, თუმცა ამას არა განყენებულად, არამედ საერთო სურათში უნდა შევხედოთ.

საერთო სურათი კი ასეთია: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ე.წ. ასოცირებული ტრიოსთვის – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც სამივე ქვეყანამ ერთნაირად ვერ გამოიყენა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო განცალკევდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს ჯგუფიდან და ახლა არ ვიცით, რა უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები ჩვენთან მიმართებით, რადგან ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკომისიამ დააყენა საქართველოსთან მიმართებით, ნაკლებად სავარაუდოა, ამ ხელისუფლების პირობებში დაკმაყოფილდეს. 

ერთი მხრივ, ჩვენ ამოვვარდით ტრიოს ჯგუფიდან, მეორე მხრივ, ვიმყოფებით გაურკვევლობაში, რას მივიღებთ ხვალ. მაშინ, როცა უკრაინა-მოლდოვას ექნება კანდიდატის სტატუსი, რა მოხდება საქართველოსთან მიმართებით? საქართველოსთან მიმართებით, სავარაუდოდ, დარჩება მხოლოდ ის, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა და ეს არის ყველაზე მცირედი, ყველაზე ცოტა, რის მიღებაც შეიძლებოდა ამ უნიკალური შესაძლებლობიდან, რაც საქართველოს გაეხსნა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას გიგი გიგიაძე, EPRC-ის უფროსი მკვლევარი.

გიგი გიგიაძის მსგავსად, EPRC-ის მკვლევარი შოთა ღვინერიაც მიიჩნევს, რომ საქართველომ პოლიტიკური მომენტი ხელიდან გაუშვა და ჩამოსცილდა ორ ქვეყანას, რაც, მისი შეფასებით, აუნაზღაურებელი დანაკლისი და საგარეო პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით დიდი დარტყმაა.

„ეს პროცედურულად ნიშნავს იმას, რომ კარი არ იხურება და ჩვენ შევდივართ გრძელვადიან პროცესში, სადაც პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები და კონტექსტი აღარ იქნება გადამწყვეტი. პროცესი იქნება უფრო ბიუროკრატიული, როგორ შეასრულებს სახელმწიფო 12 პირობას“, – ამბობს შოთა ღვინერია.

ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ევროკომისიამ მოგვცა დეტალური ინსტრუქცია, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ახლა კი მთავარია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და ხედვა, რომ ქვეყანა საბოლოო წერტილამდე მივიდეს. 

„ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, 180 დღეში უნდა შევცვალოთ ყველაფერი, 180 გრადუსით და ამ შემთხვევაში არათუ დღეს, არამედ საათსაც კი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ის.

ექსპერტები ამბობენ, რომ წლის ბოლომდე განსაზღვრული ვადა პირობითია და აქ იგულისხმება, რომ საქართველომ რეფორმებზე მუშაობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის რომ ამას მოჰყვეს შესაბამისი შეფასება. 

„როგორც ვიცით, ევროკომისია გადაამოწმებს მიღწეულ პროგრესს მიმდინარე წლის ბოლომდე. ყველაფერი უნდა იყოს თანხვედრაში – როგორც კანონმდებლობა, ასევე მისი აღსრულება“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

ზოგადად რეფორმების, განსაკუთრებით კი დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის შესახებ ხელისუფლების განცხადებების გამო შოთა ღვინერია და გიგი გიგიაძე ვარაუდობენ, რომ ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნაწილში ხელისუფლება პროგრესის ჩვენებას ვერ შეძლებს.

„მათი რიტორიკა პირდაპირ მიანიშნებს, რომ არც ვაპირებთ ამის გაკეთებას და ეს არის ყველაზე ცუდი. მთავარი არის დინამიკა, არავინ არ გვთხოვს, ვიყოთ იდეალურები. დინამიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რიტორიკა, რა მხრივაც არანაირი ცვლილება არ გვაქვს“, – ამბობს ღვინერია.

„კანდიდატობასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების განცხადება, რომ ეს არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – ამბობს გიგიაძე და განმარტავს, რომ გარდა პოლიტიკური განზომილებისა, არსებობს ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის დახმარებას იღებენ კანდიდატები და ასევე ნაწილობრივ პოტენციური კანდიდატებიც.

მისი თქმით, საუბარია 2021-2027 წლებისთვის გამოყოფილ 14.2 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებაზე, რომელსაც ქვეყნები იყენებენ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც, მისი თქმით, ქვეყანას ინვესტიციებისთვის სასურველ სამიზნედაც აქცევს. 

  • რამ განაპირობა ასოცირებული ტრიოსთვის განსხვავებული რეკომენდაციები

ხელისუფლების რიტორიკას და ქმედებებს უკავშირებენ ექსპერტები იმას, რომ საქართველომ უკრაინისადა  მოლდოვისგან განსხვავებული რეკომენდაციები მიიღო. ექსპერტების თქმით, ქვეყანამ, რომელიც ერთ დროს „ასოცირებული ტრიოს“ მოწინავე ქვეყანა იყო რეფორმების კუთხით, ურთიერთობის დინამიკაში გაუარესება აჩვენა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლებმაც, მათი შეფასებით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სწორი ნაბიჯები გადადგეს.

ექსპერტები ასახელებენ ნაბიჯებს, რომლებმაც, მათი ხედვით, საქართველოს პოზიციები უკან დახია. მათ შორის ისინი გულისხმობენ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების შეუსრულებლობას, ევროპარლამენტის წევრებზე თავდასხმებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გაუარესებულ რიტორიკას, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მდგომარეობის გაუარესებას, რაც, მათი აზრით, საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაში აისახა. მათივე თქმით, ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან შესაბამისი სამუშაო არ გასწია.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების არათანმიმდევრული საგარეო და ევროპული პოლიტიკის შედეგი.  ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე არავის შეუწუხებია თავი, რომ ემუშავა ჩვენს ტრადიციულ მეგობრებთან, ასე ვთქვათ, ტრადიციულ ლობისტებთან და ყველამ კარგად ვიცით, ესენი ვინ არიან: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, მე ვიტყოდი, ნაწილობრივ ნორდიკული ქვეყნებიც, რომლებიც ყოველთვის ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ სამუშაო გაწეული არ არის, პირიქით,  ბოლო პერიოდია, ძალიან მძიმე რიტორიკა გვესმის ევროპარლამენტარების მიმართ, ჩვენი მეგობრების მისამართით“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

„პუბლიკის“ სამივე რესპონდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოს სტატუსის განსაზღვრაში გეოგრაფიას გადამწყვეტი როლი არ ჰქონია. მათი მტკიცებით, იმით, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, გეოგრაფიის საკითხი დაიხურა.

ექსპერტების მოსაზრებით, თუ საქართველო წლის ბოლომდე ვერ შეძლებს პროგრესის ჩვენებას და კიდევ უფრო ჩამორჩება უკრაინა-მოლდოვას, სწორედ მაშინ შეიძლება გააქტიურდეს გეოგრაფიის საკითხი. 

„გეოგრაფიული ნიშნით დაყოფა ჩვენს რეალობას აუარესებს. ადვილია გაფართოების სკეპტიკოსი ქვეყნებისთვის, გეოგრაფიული დაჯგუფება გამოიყენონ, ჩვენ პირდაპირ არ ვესაზღვრებით ევროკავშირს. აქამდე არსებობდა ეს გენიალური ფორმატი, მოწყვეტილი ვიყავით გეოგრაფიას და ასოცირებული ტრიო გვაძლევდა არაჩვეულებრივ პოლიტიკურ შესაძლებლობას. ახლა კიდევ უფრო იარსებებს საქართველოს გეოგრაფიულად დაყოფის, სხვა ქვეყნებთან მიერთების მცდელობა“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

  • როგორი სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი წლის ბოლოს

„ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ევროკავშირში სულ უფრო ნაკლებად ისმის ტრიოს ფორმატის შესახებ და უფრო დუოს ფორმატს [უკრაინა-მოლდოვა] ახსენებენ, ტრიოს ფორმატი კი ყველაზე ხელსაყრელი საქართველოსთვის იყო. ის ვარაუდობს, რომ 1-2 წელიწადში, შესაძლოა, ევროკავშირის დღის წესრიგში უფრო შიდა საკითხები დადგეს. მომავალი ევროპარლამენტის არჩევნები და ახალი ევროკომისიის შექმნის საკითხი კი შესაძლოა, საქართველოსთვის ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ასევე ევროკავშირზეც, რომელსაც, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს გაფართოების ინტერესი. 

 „მთავარია, ახლა შევძლოთ და დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას იმიტომ, რომ შემდეგი შესაძლებლობა როდის იქნება, არავინ იცის. შეიძლება მოგვიწიოს ლოდინი მანამდე, მაგალითად სანამ ჩვენი სახმელეთო მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი გადაწყვეტენ, რომ ევროკავშირში გაწევრების განაცხადი გააკეთონ ან, ვთქვათ, თურქეთი დაბრუნდება დღის წესრიგში“, – ამბობს ჩხიკვაძე.

EPRC-ის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძეც იზიარებს ვანო ჩხიკვაძის პოზიციას და მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, ევროკავშირი დაუბრუნდება გაფართოების იმავე აღქმას, რაც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებამდე ჰქონდა.

„ე.წ. დაღლილობა გაფართოებით ისევ დაბრუნდება დღის წესრიგში და ამის პარალელურად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით აღარ გვყავს კონკრეტული გამორჩეული ლობისტი ევროკავშირის შიგნით, რთულად მესახება ამ პროგრესის გაგრძელება“, – ამბობს ის.

გიგიაძის თქმით, ყველაზე არასასურველი სცენარით, თუ ოფიციალურად მოხდება ქვეყნების გადაჯგუფება, შესაძლოა, საქართველო კოსოვოსთან ერთად აღმოჩნდეს, ამ ჯგუფიდან კი ერთი საფეხურით წინ წაწევა რთული იქნება.

„ჩემზე მეტად ევროკავშირის პროფესიონალი მცოდნეები ამბობენ, რომ ესეც [პერსპექტივა] კარგია, გვაიძულებს რეფორმრებას, მე სხვა გამოწვევას ვხედავ. მე ვხედავ ამ გაფართოებით დაღლილობის მომენტს და ლობიზმის არარსებობას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ხელისუფლება რეოფრმებს არ გაატარებს ისე, როგორც საჭიროა და ალბათ, მე ვფიქრობ, დაიწყებენ ფიქრს, რომ რაღაცნაირად მოატყუონ, რაღაცნაირად შეცვალონ, მაგრამ ამას ყველაფერს შეაფასებს ევროკავშირი და ეს ყველაფერი არ იმუშავებს.

რატომ? რისი გულისთვის? ვისი გულისთვის? რატომ უნდა გაჩერდეს საქართველოს მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით? მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ რაღაცამ შეიძლება ეს გადაწონოს, რაღაცა იყოს უფრო ღირსებული საქართველოსთვის. საქართველო არ იმსახურებს ამას და ამას სჭირდებოდა ახსნა, დანახება. ვერ გიხსნით, ამას მონდომების გარდა ნიჭი უნდა, რომ ჩვენი რეფორმების გზის შემდეგ ეს ჩააგდო“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

publika.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share