კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა. შეხვედრის წინ მან ისაუბრა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დრომდე არ გაუმჯობესებულა და გადაადგილება ისევ უჭირს.
გიული ალასანიამ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე მიღებულ გზავნილებზეც ისაუბრა.
“დეტალურად იციან და თანაუგრძნობენ და ცდილობენ, რომ ეს მდგომარეობა შეცვალონ. ეს ხდებოდა ბრიუსელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც მართლა არიან გულშემატკივრები საქართველოსი და ძალიან უნდათ, რომ საქართველო გახდეს მათი ოჯახის წევრი. პირობად ჩაგვიწერეს და იცით, ძალიან ბევრი იმეორებდა იმას, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთ… ყოველდღე ვნახულობ, სუსტად არის ძირითადად ან წევს, ან ზის. რომ დგება წაბარბაცდება და სჭირდება დრო, რომ წონასწორობა რაღაცნაირად დაიცვას”,- ამბობს გიული ალასანია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 1 თვეზე მეტია კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს. თუმცა ექიმების დაკვირვებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილის ევროპის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანას ამ დრომდე ითხოვს.