თბილისის მერი, კახა კალაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის შექმნაზე “სრულ სისულელეს” უწოდებს.
“ეს არის სრული სისულელე, აზრი არ აქვს შევიდეთ მაგ პოლიტიკაში. ეს არის სრული სისულელე, სრული პასუხისმგებლობით [ვამბობ] არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია”, – თქვა კახა კალაძემ.
ჟურნალისტებმა კალაძეს ასევე ჰკითხეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ჰომოფობიურ განცხადებაზე, რომელიც მან სახალხო მოძრაობის აქტივისტების მიმართ გააკეთა. კალაძემ თქვა, რომ განცხადება არ მოუსმენია.
“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – მოთხოვნა გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წააყენეს. მათ ბიძინა ივანიშვილს 1-კვირიანი ვადა მისცეს.
მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.
“ოცნების” ხელისუფლება მოთხოვნას არაკონსტიტუციურს უწოდებს და შესრულებას არ აპირებს. შესაბამისად, მოქალაქეები 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.