ისტორიაში პირველად, ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საერთო მოცულობამ რუსეთიდან მილსადენით მოწოდებულ ბუნებრივი აირის მოცულობას გადაუსწრო.
„რუსეთის მიერ EU-სთვის გაზის მიწოდების ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით”. – წერს Twitter-ზე საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული LNG-ის მოცულობა თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრს აღწევს, რაც რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობაზე რამდენიმე მილიონით მეტია.
30 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
სანქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა.
ასევე, რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება, რადგან მათ უარი თქვეს კრემლისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.