გურული სამოქალაქო აქტივისტები მიტინგზე ყაბალახებით მივიდნენ

ყაბალახი (თურქ. კაბალაკ – წოწოლა) – დასავლეთ საქართველოში მამაკაცის და ქალის თავსაბურავი. არსებობს ყაბალახის ორი სახეობა – გრძელ- და მოკლეტოტებიანი. მზადდება შალის, აბრეშუმის და სხვა სახის ქსოვილებისგან. ყაბალახის შეკვრის უამრავი ხერხი არსებობს, ხოლო არც ერთი მათგანი კანონიკურად არ ითვლება.

ყაბალახი

მამაკაცის თავსაბურავის სახეობა, მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი//დარაია, იშვიათად მაუდი. ქართულ ყოფაში ყაბალახი ბაშლაყის//ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“ ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი. ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XIს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს – „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“. ყაბალახის თარგი ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი, ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ.
ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით, ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ქალის ყაბალახიც.
ლიტ.: ნ. გურგენიძე, თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში, „მაცნე” 4, 1969
ლ.მ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share