9 აპრილის აქციების მონაწილემ, მარი (ნანა) მახარაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა.
“არავინ არ იფიქროს, არ გაბედოთ, რომ შავ-თეთრ ფოტოზე 19 წლის გოგონა დაიღალა” – თქვა ქალმა, რომლის ფოტო 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლოა.
მახარაძემ პოლიტიკოსებს მიმართა:
ჩვენი ქვეყანა არაა მხოლოდ მანძილი საზღვრიდან საზღვრამდე, რომელსაც ოკუპანტი ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს, არც ქართველი ხალხის საცდელი ნაცია, ეს არის ქვეყანა, სადაც სულით მდიდარი, გახსნილი, ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა დალაგებულ, თავისუფალ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება”- ამბობს 9 აპრილის გმირი.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მოთხოვნაა, ჰქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც თითოეული ინდივიდი იქნება პრიორიტეტი:
ადამიანებს მოგვბეზრდა თქვენი ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმის მოსმენა, ერთ წრეზე ბრუნვა. ჩვენ გვქონდეს არამხოლოდ სამშობლო, არამედ ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც თითოეული ინდივიდი იქნება პრიორიტეტი, შესაბამისი ჯანდაცვის, განათლების, შრომითი კოდექსის, თავისუფალი სასამართლოს და დემოკრატიის ხარისხით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს თმენის რეჟიმში ცხოვრებას”- თქვა მან.
მარი (ნანა) მახარაძე აღნიშნავს, რომ საქართველო საკუთარი იდენტობით, ერთიანობით, თავისუფლებით, პროგრესულობით და მშვიდობით შეძლებს ევროპული კარების გაღებას.
ომი გინდათ ძახილი, სამხედრო პროპაგანდა, ყველა ტყუილი და სიძულვილი მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს წავლენ ომში, რადგან მათ ეშინიათ. დიახ, ეშინიათ თავისუფლების, რადგან მშვიდობა სწორედ იქ არის, სადაც არის თავისუფლება. ჩემს თაობას არ ეშინოდა 9 აპრილს. არც თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ფერად თაობას ეშინია. იმ თაობას, ვინც ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბაროს დღეს” – დასძინა მან.
ტვ პირველი