“დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს – ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს” – ამის შესახებ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა.
ხუნდაძემ გადაცემაში მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირის კარები ღიაა, თუმცა, როცა “ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი იხურება”.
“ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა, რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდით და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვფიქრობ, ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე. ამ პირობებში აუცილებელია, რომ ომი დასრულდეს”, – თქვა მან.