„ქართული ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატის სახელით, 28 ივნისის შემდეგ, სამი ღია წერილი გამოაქვეყნდა და მრავალი საჯარო განცხადება გაკეთდა. რადიო თავისუფლებამ გადახედა ამ გზავნილებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დასავლეთის „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ და ამიტომ რევოლუციას ემხრობიან.
როდესაც დეპუტატებმა მმართველი პარტია დატოვეს, წასულებმაც და დარჩენილებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათი შეფასებები „სრულად ემთხვევა ერთმანეთს“ და განსხვავება მხოლოდ საზოგადოებისთვის მიწოდებული სიმართლის დოზირებაში იქნება. შესაბამისად, მათ ნათქვამს ექსპერტები „ოცნების“ სათქმელად თვლიან. ამავე დროს, მსგავსი განცხადებები, სხვადასხვა დროს, საზოგადოებას “ოცნების” ლიდერებისგანაც მოუსმენია.
ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, დეპუტატების “გაზრდილი დოზით” ნათქვამ “სიმართლეში” ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ მესიჯებს ხედავენ.
1 – დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასავლეთი უკრაინაში რუსეთთან მარცხდება.
„ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში… არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს“, – თქვა დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში 13 ივლისს და იქვე დასძინა, რომ „შესაძლოა, [ენერგომატარებლების კუთხით] თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე“.
ზურაბ ბატიაშვილი, ანალიტიკოსი, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედების განვითარებას ყოველდღიურ რეჟიმში იკვლევს, ამბობს, რომ ეს არ არის დასავლეთის ომი უკრაინაში, დასავლეთი უკრაინას თავდაცვაში ეხმარება და ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა უკრაინაში რუსეთი დიდ სიძნელეებს განიცდის, რაც დასავლური მძიმე შეიარაღების ეფექტიანი გამოყენებით არის განპირობებული.
„უკრაინაში რუსეთის გამარჯვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წმინდა წყლის რუსული ტყუილი და პროპაგანდაა. ამის გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტში, რომ დასავლეთის დახმარებით არა თუ არ აგებს, არამედ უკრაინა იგებს ამ ომს. გარდატეხის ეტაპი დგება ახლა უკრაინაში. რუსეთს უჭირს ყველანაირად და მათ შორის – იდეოლოგიური და პროპაგანდისტული მიმართულებითაც. სამწუხაროა, რომ დეპუტატი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ სიმართლის სათქმელად გავიდა, რუსულ პროპაგანდას გვიყვება. ეს მიუთითებს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერაზე “, -აცხადებს ბატიაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აპრილში გაიმეორა თებერვალში ნათქვამი, რომ „თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა“. პრემიერმა ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, გააკეთა განცხადება, რომ – საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ექსპერტები მაშინ რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ასეთი განცხადებები რუსეთის გამარჯვების რწმენით იყო განპირობებული.
2- „იანვარში არაფერსაც არ მოგვცემდნენ“ – ევროკავშირის „სათაგური“
დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ 12 პუნქტის წამოყენებამ „გაზარდა [პოლარიზაცია], გაამწვავა, აფეთქებამდე მიიყვანა ქვეყანა“; ხოლო 6-თვიანი ვადის დაწესება ქვეყნის „ჯანჯღარს“, რევოლუციის გეგმების წახალისებასა და საბოლოოდ – ომში ჩათრევის სცენარს ემსახურებოდა. ახლა კი, როცა ევროკომისიამ რეკომენდაციების შეფასება 2023 წლისთვის გადაავადა, დეპუტატი ამბობს, რომ ეს, გარკვეულწილად, მათი სამეულის მიერ დასმულმა „უხერხულმა შეკითხვებმა“ განაპირობა. ამ შინაარსის განცხადება სოზარ სუბარმა 13 ივლისს „TV Georgian Times“-ის გადაცემაში გააკეთა.
„გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკავშირმა, შეიძლება ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის გადავადება მინიმუმ ამ ჯანჯღარის და ამაში ჩვენმა გადაწყვეტილებამაც გარკვეული როლი შეასრულა… ზუსტად ვიცოდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ იანვარში ჩვენ არაფერსაც [კანდიდატის სტატუსს] არ მოგვცემდნენ… “, – განაცხადა სუბარმა.
მსგავსი განცხადებები დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა „პალიტრანიუსის“ ეთერში და თქვა, რომ გადავადებამ დაადასტურა მანამდე გაკეთებული განცხადებები, 6-თვიანი ვადა „ხაფანგი“ იყო.
-
„კანდიდატის [სტატუსის მინიჭების] თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“;
-
“ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო”;
-
“კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრება”.
-
“საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს”.
3- წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი – აშშ-ის ელჩისგან დაგმობას ითხოვენ
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი „რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მისგან ამ წერილის ბოლომდე წაკითხვას დაჟინებით ითხოვენ.
„ეს ეხება ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღის ძალიან მძიმე შესაძლო განვითარებას, ეს ეხება ჩემი ქვეყნის და საზღვრების უსაფრთხოებას… და არ წამიკითხავს რას ჰქვია?! მოდით, წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი… “, – თქვა დეპუტატმა ხუნდაძემ და იქვე დაამატა, რომ „ფაქტები გროვდება“ და „ელჩის შეცდომები“ შესაძლოა „საქართველოს ძალიან მძიმედ დაუჯდეს“.
8 ივლისით დათარიღებულ ღია წერილში „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, მიხეილ ყველაშვილი კელი დეგნანს განცხადებებსაც უწუნებს და დუმილსაც. ის წერს, რომ ელჩი არ გაემიჯნა ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელეკომპანიების წარმომადგენლებს და არ დაგმო პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებები თუ ქმედებები.
„ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, – წერს ყაველაშვილი.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ელჩი დუმდა – სხვადასხვა იმგვარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ომში ჩართვის რისკებს ზრდიდა და პერიოდულად რევოლუციისა და საქართველოს ომში ჩართვის რისკების წამახალისებელ პროცესებს ღიად უჭერდა მხარს.
ყაველაშვილის წერილში ასეთ მხარდაჭერად არის შეფასებული, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის „ხელოვნურ ფორსირებასთან“ და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული განცხადებები.
- “თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს”.
- “კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა… სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი”.
ელჩმა დეგნანმა ჯერ კიდევ მარტში გაკეთებულ განცხადებებში რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ არავინ მოუწოდებს და ერთადერთი, რაც სავალდებულო ყველა პარტნიორისთვის, ეს საერთაშორისოო სანქციების აღსრულებაა.
4- ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივი განცხადების მიხედვით, „დიდ ძალებს“ საქართველოს ხელისუფლებაში სურთ „უსამშობლო და უღმერთო ადამიანების“ მოყვანა, რომლებიც „ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს“ და „თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია“.
ღია წერილის ტექსტის თანახმად:
- „ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ”;
- “ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ“.
ვინ არიან ეს „დიდი ძალები“?
დეპუტატებს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა „TV Georgian Times“-ის გადაცემაში, „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები იცის ჩვენი გუნდის ძალიან ბევრმა წევრმა და პირველმა პირებმა ყველაზე მეტი იციან ამ ინფორმაციების შესახებ“ და მაქსიმუმზეც არიან წამსვლელი, მაგრამ სურთ, რომ ეს არ გახდეს საჭირო.
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევს მესიჯს – რომ დასავლეთის ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ, მით უფრო მაშინ, როცა 2008 წელს, რუსეთის ომი საქართველოში სწორედ დასავლეთმა შეაჩერა და „გადაარჩინა საქართველო სრულ განადგურებას“.
„დასავლეთი წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს უწევს როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას… თუკი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ახლა ომში ჩაერთვება, ეს დასავლეთს საზრუნავს ხომ გაუზრდის?! …
მართლა არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ეს იდეა და დასავლეთთან ასე დაპირისპირება… მე ეს მგონია უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილთა სიტუაცია, როდესაც გეოპოლიტიკურად გაიჭედნენ… ვამჩნევ სანქციების მოლოდინის ნერვიულობასაც… შესაძლებელია, რომ პიროვნულად არც სურთ, მაგრამ გრძნობენ ვალდებულებას, რომ ასე ილაპარაკონ“, – ამბობს ბატიაშვილი.
5- ევროკავშირში გაწევრიანებას 12-14 წელი სჭირდება… უკრაინის გაწევრიანებას 28 წელიწადში მოელიან
- „თითქმის 20 წელია ღია კარის პოლიტიკის მოლოდინში ვართ”.
- „კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება“.
- „ჩვენი ქვეყანა არის ორმხრივი ზეწოლის ქვეშ – ერთი მხრივ დასავლეთს საქართველო პოლიტიკურ თამაშში შეჰყავს ქრონიკული ღია კარის რეჟიმით, მეორე მხრივ – რუსეთი, კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემქმნელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითა და იარაღის ჟღარუნით ეთამაშება“.
- „ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს“.
ეს განცხადებები დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ 13 ივლისს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში გააკეთა.
ასევე მისი თქმით, „12-14 წელი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, არის ხოლმე [ევროკავშირის წევრის] სტატუსის მოპოვება“. სამი დეპუტატის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წერია:
“ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება”.
რადიო ტავისუფლება