ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. ამასთან ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარებას განაგრძობს. ნავთობიმპორტიორთან განმარტებით კი ქვეყანაში საწვავის ფასის წარმოქმნაზე სწორედ ეს ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა როგორ შეიძლება აისახოს ნავთობის ფასის ცვლილება, ქვეყნის შიგნით საწვავის საცალო ფასზე და როდიდან იგრძნობს ამას მომხმარებელი – ამ კითხვებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს გიორგი კოტრიკაძეს მივმართეთ. დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის კლების მიუხედავად, რთული იმის თქმა, როდის შეიძლება ქვეყანაში საწვავის ფასი შემცირდეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან დიზელის საკითხიდან გამომდინარე სერიოზული სეგმენტია ამოვარდნილი. დიზელით ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომლის წილი ბაზარზე დაახლოებით 40-45%-ია, მაგრამ 2 თვეზე მეტია აზერბაიჯანიდან დიზელის მოწოდება არ ხდება, რადგან ადგილზე საწარმოს გადაიარაღება ხორციელდება. ეს კი დიზელის ფასზე აისახება.
რუსეთიდანაც იყო გარკვეული შეფერხებები და ეს ფაქტორები საწვავზე მაღალ ფასს განაპირობებს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში საწვავის ფასზეც მოქმედებს.
ჩემი ინფომრაციით, იმპორტიორები სხვა ბაზრებს უფრო იაფიანი საწვავის შემოტანის მიზნით ეძებენ. თუმცა დივერსიფიცირება მარტივი საკითხი არ არის, რადგან ხელშეკრულებები და კონტრაქტებია დადებული და გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება.
ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი საწვავის ფასზე დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე რამდენ ხანში და როგორ აისახება საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირება რთული სათქმელია“, – ამბობს გიორგი კოტრიკაძე.
მისი თქმით, იმპორტიორები საწვავის ფასის შემცირებაში დაინტერესებულები არიან, თუმცა ამისთვის ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს.