ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს, სერიოზულად გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას, როგორც აქამდე იყო და მაშინ, საქართველოც გადარჩება და თვითონაც, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას.
დავით უსუფაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლებოდა შემდგარიყო შეხვედრა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შორის. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში ფრონტის გახსნის შემთხვევაში ვერც საქართველო და ვერც დასავლეთი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.
„კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი ან ვინმე სხვა. პირიქით, ვარ უკმაყოფილო, რომ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საერთაშორისო წრეებთან და ელჩებთან უკიდურესად არის შეზღუდული. პირველ რიგში ეს ვნებს „ქართულ ოცნებას“ და ასევე, საქართველოს. რა შეიძლებოდა ამ შეხვედრის სასაუბრო თემა ყოფილიყო და ა.შ. იცით, უკრაინაში ომი რომ დაიწყო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ამ უდიდესი ხიფათების დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთგან კი არა, ათას სხვადასხვა ფორმატში: ნატო, სამიტები, ორმხრივ და სამმხრივი შეხვედრები იყო და რატომ? იმისთვის, რომ აუცილებელი იყო იმ ხიფათთან, რასაც რუსეთის უკრაინასთან თავდასხმა მოჰყვა, არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავება. ამ პროცესში საქართველო სრულიად ამოვარდნილი იყო. საქართველოს ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ანუ ვისთანაც უკრაინაში ომის დაწყებამდე კვირაში ერთხელ ხან წერილს ვგზავნით, ხან ვინმე ჩადის იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაგრძელდეს, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და აღჭურვა გაგრძელდეს იმისათვის, რომ თავდაცვისთვის ვიყოთ მზად. ანუ რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო სათანადოდ არ იყო მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი, რომ სერიოზული ხიფათებია, საჭიროა თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლაზე, თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ გადაედოს მთელ მსოფლიო“, – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამგვარად, რეალობა პირიქითაა სინამდვილეში.
მისი თქმით, საქართველოს მეგობრებმა, პირველ რიგში, აშშ-მ ძალიან კარგად იცის საქართველოს საომარი შესაძლებლობების შესახებ.
„ანუ თუ ისინი რამეს ცდილობდნენ თებერვალში, მარტში და დღესაც, ესაა სწორედ საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება, იმიტომ, რომ უკრაინა თავისი შესაძლებლობებით და სხვა ბევრი თვალსაზრისით გაცილებით ძლიერი და მომზადებულია რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში ფრონტის გახსნის შემთხვევაში ვერც საქართველო და ვერც დასავლეთი ამ პრობლემა ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, მთელი პროცესი მობილიზებული იყო და არის იმაზე, რომ ეს არ მოხდეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.
ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.