ვინ არის გია კობახიძე

ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო საუბარი, მერე „დავგუგლე“. „კაგებეს“ აგენტის შვილი, „კაგებეს“ აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ „დავერბოვკებული“ იყო და ამ აგენტის შვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

დავით არახამიას განცხადებაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, რომელიც თავადაც აქტიურად მონაწილეობდა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში რუსეთიდან მიღებული „საეჭვო თანხის“ შესახებ.

მამის „კაგებეს“ აგენტობის შესახებ დასმული შეკითხვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავდაპირველად უპასუხოდ დატოვა და დავით არახამიას „არაკაცი“ უწოდა. შეკითხვის გამეორების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტიის თავმჯდომარის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს ისიც, რომ გია კობახიძე ეროვნული მოძრაობის წევრი და „ღირსებით შემკული, ეროვნული იდეისათვის თავგანწირული და პატრიოტი ადამიანია“.

ვინ არის გია კობახიძე?

ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი (გია) კობახიძე ქართულ პოლიტიკაში 27 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული და სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავებდა.

ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, საბჭოთა კავშირის პერიოდში – 1977-1978 წლებში გია კობახიძე იყო ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 1978-1985 წლებში – ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992 წლებში კი მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

1992 წელს ის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო; 1992-1999 წლებში კი ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, გიორგი ჭანტურიასა და ირინა სარიშვილის პარტია – „ედეპეს“ („ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“) სიით.

1993-1995 წლებში საქართველოს პარლამენტისა და რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საპარლამენტო ჯგუფის წევრი.

1997-1999 წლებში ბალტიისპირეთსა და ევროკავშირში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.

2015 წლის იანვარში მან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შვილს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, ამიტომ ის ნინო ბურჯანაძის პარტიას ტოვებდა და მუშაობას გააგრძელებდა, როგორც პოლიტოლოგი და ექსპერტი.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გია კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელში განხილვა კიდევ ერთხელ, 2017 წელს გააქტიურდა, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიამ 90-იან წლებში გადაღებული გია კობახიძისა და ჯაბა იოსელიანის ფოტო გამოაქვეყნა.

პოლიტიკური განცხადებები ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრობისას

ნინო ბურჯანაძის პარტია – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გია კობახიძე განსაკუთრებით 2014 წელს აქტიურობდა თანაგუნდელ, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის ამჟამინდელ დირექტორ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად. ყველაზე ხშირად კი, ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეულ ტელეკომპანია „ობიექტივს“ სტუმრობდა და იმ პერიოდში უკრაინაში, ყირიმის ანექსიის ფონზე ხშირად საუბრობდა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე.

იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთს ხელს აძლევს ქვეყანაში არასტაბილურობა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. კობახიძე ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ რუსეთს აქვს თავისი იმპერიული ამოცანები და საქართველო ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციაში მას თავისი წვლილიც ჰქონდა შეტანილი. ხშირად აკრიტიკებდა საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელ უწყებებს სტრატეგიის არარსებობის გამო და აღნიშნავდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო არა სუბიექტი, არამედ ობიექტია. კობახიძე ყურადღებას ხშირად ამახვილებდა იმაზეც, რომ საგარეო კუთხით ძალისხმევა არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებითაც უნდა გაწეულიყო.

გთავაზობთ ამონარიდებს გია კობახიძის 2014 წლის ინტერვიუებიდან, სადაც ის ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავს:

ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში

„ნინო ბურჯანაძე რომ ჩავიდა… რომ ჩავიდა, მერე? ქვეყნის საზიანოდ რა შედეგში აისახა? მითხარით ერთი კონკრეტული შედეგი. პუტინთან რომ ჩავიდა ბურჯანაძე, ეს იყო იმის ჩვენება და სააშკარაოზე გამოტანა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ გააჩნდა, იმ პრობლემების [მოსაგვარებლად]“, – განაცხადა გია კობახიძემ მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში.

რამდენად მოსაწონი იყო 2008 წლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერის იქ ჩასვლა? – ჰკითხა ჟურნალისტმა გია კობახიძეს:

„მოწონება რას ჰქვია, როცა პოლიტიკოსის საქმიანობაზეა ლაპარაკი, მოწონება რას ნიშნავს? ემსახურებოდა საქართველოს პრობლემების მოგვარებას. ჟურნალისტთა კორპუსს ის არ გაგიშუქებიათ, რაც ღიად ილაპარაკეს ჯერ ბურჯანაძემ და ლავროვმა და შემდეგ ბურჯანაძემ და პუტინმა. ეს იყო საქართველოსთვის იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი ტექსტები… ეს არის შავი პიარის დამსახურება, რომელიც რატომღაც ჟურნალისტთა კორპუსმა გამოიყენა“.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე გია კობახიძეს იმჟამინდელმა ტელეწამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმაც ჰკითხა – ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხომ არ ჰქონიათ პარტიაში დისკუსია, ნანობს თუ არა მოსკოვში ვიზიტს ბურჯანაძე:

„პოლიტიკაში გარკვეული დროის განმავლობაში შენთვის შეიძლება წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ აჩვენო მიმართულება და პრინციპი. ჩვენი იქ წასვლის მიზანი იყო ის, რომ გვინდოდა გვეთქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, იმ მიმართულებების ჯაჭვიდან, რომელზეც საქართველოს მოუწევს ჩამოყალიბება. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ეს არის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ეს არის რეგიონული პოლიტიკა, სადაც გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანისა იგულისხმება მოლდოვა და უკრაინაც ამ მიმართულებით, ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტები და ეს არის რუსეთთან ურთიერთობა.

ჩვენ ვხედავდით, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ამის რესურსი არ გააჩნდა და მთლიანად განწყობა მიგვყავდა იქით, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, როდესაც მიგყავს საქმე იქითკენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალო და დროზე ადრე, შენ შენი კოზირები, მიმართულებები და თემები უნდა აჩვენო. ჩვენ სწორედ ამისათვის გამოვიყენეთ რუსეთთან ურთიერთობა, ანუ ვაჩვენეთ, რომ ის რესურსი, რომელიც ხელისუფლებას არ გააჩნია, გვაქვს ჩვენ. […] რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის დიალოგში გადაყვანა, ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, რომ ამის გაკეთება არ არის საჭირო, თუ საჭიროა, ვიღაცა უნდა იყოს ისეთი, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს“, – განაცხადა კობახიძემ „კავკასიის“ ეთერში.

აგვისტოს ომი – „ორმხრივად გათამაშებული პროვოკაცია“

გია კობახიძე 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ საქართველოში 2008 წელს განსხვავებული კონტექსტი იყო და რუსეთ-საქართველოს ომი ორმხრივად გათამაშებული პროვოკაცია იყო:

„სულ სხვა იყო უკრაინაში, სულ სხვა იყო საქართველოში. საფუძველი იყო აბსოლუტურად განსხვავებული – კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა უკრაინაში, რადგან მთლიანად იყო ჩარევა შიდა პროცესებში, როდესაც რუსეთი სამხედრო გზით შევიდა ყირიმში.

რაც შეეხება საქართველოში, აქ იყო ორმხრივად გათამაშებული პროვოკაცია რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რომლის მიზანიც იყო და ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ და ვამბობდით მანამ სანამ, „აგვისტო” მოხდებოდა. ეს იყო სააკაშვილის მიერ შესრულება იმ დავალებისა, რომელიც გულისხმობდა ჩვენი ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას“, – აცხადებდა კობახიძე „ობიექტივის“ ეთერში.

„რუსეთის გინება უმწეო ადამიანის მდგომარეობაა“

„ყველაფერი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა, იმიტომ, რომ მას ძალა აქვს, მას თავისი ინტერესი აქვს და მორჩა და გათავდა. რუსეთი რომ საერთაშორისო დადგენილ ნორმებს და მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტებს არ იცავს, ეს ცნობილია და ამის გამო რომ რუსეთს აგინებენ, ეს არის უმწეო ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ფეხქვეშ ჰყავს ვიღაცას გაგდებული და იმას ერთი შეუძლია – იგინება და ამისთვის უფრო მეტი ხვდება. გარდა იმისა, რომ თავი დაიხსნას როგორმე იმით, რომ საქმიან საუბარში გადაიყვანო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, შენ დგახარ და მაგარ-მაგარი სიტყვებით ეჯიბრები, ვიღაცა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც უკვე გაყიდა ეს ქვეყანა თავის დროზე. 2008 წლის 8 აგვისტო არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და ეს ხელისუფლება რომ არ იძიებს ამ დანაშაულს, ბევრი პრობლემა კიდევ აქედან მომდინარეობს“, – აცხადებდა კობახიძე 2014 წელს.

ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე – გამოგონილი მტრის ხატი

„ყველა წინა ხელისუფლება აკეთებდა ასეთ რაღაცას, იყენებდა ასეთ ძალიან ცნობილ ტექნოლოგიას, რასაც ჰქვია ე.წ. მტრის ხატის თემა. ანუ იგონებდა საფრთხეებს, რომელიც თითქოს ქვეყნის წინაშე არსებობდა და ამ საფრთხეების ფარქვეშ, შემდეგ თავის მიზნებს ახორციელებდა. და როგორც წესი, ამ მიზნების განხორციელების მსხვერპლი იყო ხოლმე საქართველოს მოსახლეობა, ხალხი.

მე მინდა გაგახსენოთ, რომ ასეთი საფრთხე იყო შევარდნაძის დროს ასლან აბაშიძე და მუდმივად ამაზე აპელირება. შემდეგ, ისევ შევარდნაძის დროს, გაჩნდა იგორ გიორგაძის შავი ხატი და იგორ გიორგაძის მისამართით წავიდა ეს ყველაფერი. რატომღაც არასდროს არ ამოქმედდა ეს ნაღმი საქართველოს მიმართულებით. შემდეგ სააკაშვილმა, იგივე იგორ გიორგაძის ნაღმის გამოყენება ავტომატურ რეჟიმში გადაიბარა, და შემდეგ დაიწყო ახალი, პრორუსული ძალების გამოჩენაზე, ამ თემას აგორებდა და ერთ-ერთი მსხვერპლი უნდოდა რომ ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაც და ა.შ. ანუ ტექნოლოგია ცნობილია, რომ უნდა არსებობდეს მტრის ხატი“.

„გამორიცხულია, რომ ჩვენ NATO-ში მიგვიღონ“

„რაც შეეხება NATO-ს, მოდი, აქაც გულახდილები ვიყოთ, ჩვენ NATO-ში ვერასდროს ვერ შევალთ, გამორიცხულია, რომ ჩვენ NATO-ში მიგვიღონ, ამისი მრავალი მიზეზია და ერთი მიზეზი, რომელსაც ვასახელებ არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარები

„გვიყურებენ არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც მოსწავლეს“

„…აქვე დავაფიქსირებ, რომ ინტერპრეტაციების გარეშე რომ გავიდეს ჩვენი საუბარი, მივესალმები, რასაკვირველია, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას, გაძლიერებას, წინსვლას და ყოველთვის თუ ასეთი იქნება, სიამოვნებით აღვნიშნავ ხოლმე ამას და ტაშსაც დავუკრავ ყველას, ვინც ამ მიმართულებით საქართველოს საქმეს ხელს შეაშველებს, აუცილებლად გავაკეთებ ამას.

მაგრამ, ჯერჯერობით, რას ვხედავ – ვხედავ იმას, რომ ჩვენ არა როგორც ევროკავშირის  მომავალ პარტნიორს გვიყურებენ, არამედ როგორც მოსწავლეს, რომელიც შეიძლება ხან დატუქსო, ხან წაახალისო, თან როგორ მოსწავლეს იცით?! – რომელიც ორიანსა და სამიანს შორის არის და მასწავლებლის ხასიათსა და განწყობას ელოდება, რომ იქნება როგორმე სამიანი დაუწეროს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ იმ განცხადებებს…“.

„ბატონმა ბიძინამ სცადა, რაღაცნაირად, ამ პოლიტიკური წესების გვერდის ავლით წარმართულიყო პროცესი“

გია კობახიძე 2014 წელს „ობიექტივის“ ეთერში „პოლიტიკიდან წასულ“ ბიძინა ივანიშვილზე ამბობდა, რომ  „არც ხელისუფლება არ მალავს რომ მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში იმყოფებიან მასთან [ბიძინასთან], მაგრამ ეს არ იქნება ის კონსულტაცია – მე შენ მითხარი მაგრამ მე ისე გავაკეთებ როგორც მე ვიფიქრე, ასე არ გამოვა ამ ურთიერთობაში, კარგად ვიცით“.

„ბატონმა ბიძინამ სცადა, რაღაცნაირად, ამ პოლიტიკური წესების გვერდის ავლით წარმართულიყო პროცესი, გავიდა ოფიციალური პოლიტიკიდან და ჩათვალა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა…

რა თქმა უნდა, არ წასულა, აქეთკენ მიმყავს… სწორედ ამას ვამბობ, რომ – თქვენ მართეთ და მე აქედან კრიტიკით დაგეხმარებით – ასე არ გამოდის. პოლიტიკას ეს კანონი აქვს, რომ თუ პირდაპირ კავშირში არ არის ხალხის მხარდაჭერა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა, გავლით ის არ მუშაობს.

ყველამ კარგად იცის დღევანდელ ხელისუფლებაში, რომ რამე თუ გაფუჭდა მაგალითად, მე, ხათუნა, გია, ნინო  და ა.შ. მიაკითხავს ბიძინას და არა მარგველაშვილს, უსუფაშვილს და ა.შ.“.

პოლიტიკიდან წასვლა

2015 წლის 21 იანვარს გია კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის შვილს, ირაკლი კობახიძეს,  „ქართულ ოცნებაში“ შესთავაზეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, ამიტომ, გია კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებისა და ეთიკის ნორმების პატივისცემის ნიშნად, ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა.

„ეს [ჩემი] განცხადება ჯერჯერობით არავისთვის არ არის ცნობილი და ერთადერთი ადამიანი იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც მითხრა, რომ ასეთი შემოთავაზებაა და ისე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას თუ არ ეცოდინებოდა ჩემი პოზიცია და მას ჩემი პოზიცია მაშინვე გავაცანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ჩემი შვილი ჩემს პარტიულ პოზიციას რომ იზიარებდეს, ის იქნებოდა ჩემი პარტიის წევრი“.

„ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ ასპარეზს ვუთმობ შვილს, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ირაკლის შეუძლია ქართულ პოლიტიკას ძალიან ბევრი გაუკეთოს მისი ცოდნიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.  გაუკეთოს უფრო მეტი, ვიდრე შემიძლია გავაკეთო მე იმ პოზიციებიდან, რომელზეც დღემდე ვიმყოფებოდი“, – განაცხადა გია კობახიძემ.

publika.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share