ნოდარი – მზისგულა მწერალი
როდესაც ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა, მწერალმა ჩინგიზ აითმატოვმა თქვა: „კაცობრიობამ დაკარგა ყველაზე დიდი მზისგულიანი მწერალი“.
მართალს ბრძანებდა ყირგიზი მწერალი, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში მზეს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ყოველთვის.
ის, შუა ზაფხულში, მზის ზენიტში ყოფნის დროს, 14 ივლისს დაიბადა. ბავშვობა ტკივილიანი ჰქონდა „მშობლები გადაუსახლეს“, არც ახალგაზრდობა და სტუდენტობა ჰქონია დალხინებული (ხელმოკლეობა, შვილის დაღუპვა), მაგრამ არასოდეს გატეხილა, არ გაბოროტებულა, სიცოცხლის ხალისი არ დაუკარგავს და თუ დააკვირდებით, მისი ღიმილი მზის ღიმილს ჩამოჰგავს (საბავშვო ნახატებზე დახატულ მზისას). იღიმებოდა, იცინოდა და ხუმრობდა. ხუმრობდა მაშინაც კი, როცა ეს ხუმრობა ძალიან სახიფათო იყო: გაგანია კომუნიზმია…
არ გინდა იმ დროს ასეთი ხუმრობა, რომელსაც შეიძლება, მაგადანი და ვარკუტა მოჰყვეს?!
ერთხელ, სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე მიიწვიეს (ვერსად გაექცნენ მის დიდ ავტორიტეტს), სადაც ცეკას მდივნის ნათქვამზე, რომელიც ძალიან მოიწონებს მოქანდაკის ნამუშევარს, თან საყვედურსაც გაურევს: „ადგილი უკეთესი უნდა შეგერჩიათო“, – ნოდარი მდივნის გასაგონადაც იხუმრებს: – ძამა, რაც საუკეთესო მიწები გვქონდა, სხვებს ჩამოურიგა მაგ მამაძაღლმა და რაც დაგვრჩა აგიაო!..
ცეკას ნომენკლატურას სასმენელნი დაჰხშვია, ნოდარს კი გაღიმებია მზესავით.
ნოდარ დუმბაძის იუმორს ყველა ერთნაირად იღებდა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართველი თუ უცხო ტომელი.
ერთხელ, მწერალთა გამგეობის სხდომაზე, 90 წელს გადაცილებული სანდრო შანშიაშვილი გამოსულა სიტყვით.
როცა ბატონი სანდრო ტრიბუნისკენ მიდიოდა ნოდარს ჩაულაპარაკნია: „ამან მწერლის უკვდავება პირდაპირი მნიშვნელობით გაიგოო“. გაუგონია(ან უთხრეს) ბატონ სანდროს ნოდარის ნათქვამი და იმდენი უცინია, აცრემლებულა.
ყაისინ ყულიევიც გადაფიჩინებულა სიცილით, როცა ნოდარის ნათქვამი უთარგმნეს:
ბატონ ყაისინს, მწერალთა კავშირში იმდენჯერ მოუთხოვია ცხელი ჩაი, ვიდრე ნოდარს არ უთქვამს: –ძამა, ცხელი წყალი კი არ გვენანება, მარა, ამას რომ აქ შარდის ბუშტი გაუსკდეს, ფეხებს დაიმდუღრავსო…
და ასე შემდეგ…
კიდევ რამდენი ნაცნობი თუ უცნობი გამონათქვამია შესაკრები ამ მზისგულა ადამიანისა.
ქუთაისში, ნოდარის ქალიშვილმა, ქალბატონმა მანანამ მიამბო:
„მამა ბოლო წლებში სულ საგურამოსკენ მიგვლალავდა მთელს ჯალაბს. ერთხელაც ჩავედით და აგარაკი გაქურდული დაგვხვდა. წიგნები წაეღოთ. მამაჩემის წიგნებისთვის ხელი არ ეხლოთ ქურდბაცაცებს. დადარდიანდა და ხასიათი გაუფუჭდა. თბილისიდან ისევ ჩაზიდა წიგნები და გაავსო თაროები.
ამ დროს დედაქალაქიდან დაურეკეს, რაღაც ღონისძიება ტარდებოდა და მიიწვიეს. რამდენიმე დღეში ისევ საგურამოში დავბრუნდით და ისევ ღია დაგვხვდა სახლი (იმ წლებში უიშვიათესად ძარცვავდნენ აგარაკებს). თითქმის ყველა წიგნი წაეღოთ, ამჯერზე მამაჩემის წიგნებიც. რამდენიმე წიგნი დაეტოვებინათ თუ დარჩენოდათ. მამამ გადარჩენილი წიგნები აკრიფა და უცებ თვალები აუციმციმდა, ტელეფონთან მივიდა, ნომერი აკრიფა: „ალო, ჯანსუღ, ბიჭო, კიდევ გამქურდეს…“ მერე იყუჩა, ალბათ ბატონი ჯანსუღი თანაუგრძნობდა, რაც ჩვენ არ გვესმოდა და… გააგრძელა: „ყველაფერი წაიღეს, ყველაფერი, ჩემი ტომები, სხვებისაც, მარტო შენი წიგნებისთვის არ უხლიათ ხელი, ჯანსუღა, ძამა, და თუ გინდა, ჩამოდი და წეიღე“.
თავადაც იუმორისთვის, კაი ნათქვამისთვის, ცინცხალი სიტყვისთვის ყველაფერს აპატიებდა ადამიანს.
აქვე მოგახსენებთ: ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორად როცა დანიშნეს, რამდენიმე მეგობარი მიიყვანა რედაქციაში.
ამათგან ერთ-ერთი, ზაურ ბოლქვაძე, ნამეტნავად ბოჰემურად ცხოვრობდა. გადააბა და გადააბა ზაურმა „გზებზე სუფრის გადაფენა“. ჟურნალის ჩაგდება თავის დაკარგვას უდრიდა იმ დროს. დაიბარა „განრისხებულმა“ ნოდარმა ძმაკაცი კაბინეტში. „შენი ფეხი არ ვნახო აქ, ხვალვე გაგანთავისუფლებ სამსახურიდან!“
–ნოდარა, ძამა (ისიც რაფერი გურული იყო, ცხონებული), გათავისუფლება თუ შეგიძლია, საქართველო გაათავისუფლე, შე კაცო!
ვერ მოესწრო თავისუფალ საქართველოს ნოდარ დუმბაძე, გულის გადანერგვაზე უარი განაცხადა, სიკვდილის წინ გიგა ლორთქიფანიძეს, (სხვებსაც) ხელი გადახვია, იმღერა და მიიცვალა.
ასე დიდი ადამიანები კვდებიან (სიმღერით, სიცილით, ღიმილით).
და მაინც არ კვდებიან…
ჯემალ კასრაძის ფოტო
წყარო – ფოტო ამბები • Photo Stories