ალეკო ელისაშვილი – სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს

სწორი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიეროს, რომ მან ქართულ პოლიტიკაში თავისი გასაკეთებელიც გააკეთა, გასაფუჭებელიც და თუ გაიაზრებს, რომ ამ ყველაფერს მოეშვას, კარგი იქნება და ამ შემთხვევაში, მხარს დავუჭერდი მის სამკურნალოდ გადაყვანას“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში რაიმე დაემართოს.

„მიხეილ სააკაშვილის შვილის გამოსვლა ძალიან მომეწონა. კარგი შვილი გაუზრდიათ, რადგან ძალიან გონიერი, გაწონასწორებული და მოაზროვნე ბიჭი ჩანს. რაც სააკაშვილის შვილმა თქვა, აბსოლუტურად ვიზიარებ – მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, ის არის ისტორიის ნაწილი. მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, მათ შორის იმით, რომ ლამის ნახევარ საქართველოს სული ამოხადა ციხეებში. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს. სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ.

ნერვები მეშლება იმაზე, რომ მისი მხარდაჭერების ნაწილი იყო მისი დაპატიმრებისას, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, რომ სააკაშვილი მომკვდარიყო, რათა რევოლუციისთვის მიზეზი ჰქონოდათ და მის გარდაცვალებას უყურებდნენ, როგორც მუხტის შემქმნელს. ასევე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომელთაც სააკაშვილის ცუდად ყოფნა უხაროდათ. არც ერთს მივეკუთვნები და არც მეორეს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ. მას შევხედოთ, როგორც ადამიანს და როგორც ყოფილ ლიდერს. საერთაშორისო ასპარეზზე ციხეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“. მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად ზის და პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ის პრობლემაა. უცხოეთში რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი, სადაც მკაფიოდ იდგა საკითხი არა მისი გათავისუფლების, არამედ ის, რომ არ შეიძლება, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს და უღირსად ექცეოდნენ. ეს თავისტკივილი აქვს „ქართულ ოცნებას“. მგონია, რომ გარიგება მოხდება და თუ „ქართული ოცნება“ გარანტიებს მიიღებს, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share