“რუსეთი ოკუპანტია – ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას!” – ამგვარ მოწოდებებს XXI საუკუნის საქართველოში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით. საჭიროა თუ არა კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთთან, რა დაშავდება, თუ ჩვენი მომღერლები ან მსახიობები ჩრდილოელ მეზობლებს ქართულ ხელოვნებას აზიარებენ, თუ ჩვენებური ღვინო და ხილი რუსეთის ქალაქებში გაიყიდება, ამ საკითხზე საქართველოში ერთიანი აზრი არ არსებობს. ამაში ჩვენი რესპონდენტების მოსაზრებებიც დაგარწმუნებთ.
“ახლა რომ ჩახვალ და ოკუპანტს უმღერებ, დიდი უზნეობა მგონია. ეს მუხანათურად დახოცილი ადამიანების შეურაცხყოფაა”
დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი: – ჩემი მოსაზრება ამა თუ იმ პრობლემაზე არასდროს დამიმალავს და არც ახლა დაგიმალავთ: დღეს, როცა რუსეთი უკრაინასთან ომობს და იქ ბავშვები იხოცებიან, ყველამ თავი უნდა შეიკავოს რუსეთში წასვლისა და კონცერტების გამართვისგან. რა თქმა უნდა, ხელოვნებას საზღვრები არა აქვს, მაგრამ ახლა რომ ჩახვალ და ოკუპანტს უმღერებ, დიდი უზნეობა მგონია. ეს მუხანათურად დახოცილი ადამიანების შეურაცხყოფაა. როცა ოკუპანტს უმღერი, გამოდის, მის ქმედებებს ამართლებ – ეს დაუშვებელია, რადგან მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთი შეაჩეროს, უთხრას, აგრძნობინოს, რომ უკრაინელი ხალხის ასე გამეტება დიდი შეცდომაა.სულ სხვა თემაა ეკონომიკური ურთიერთობა, მაგალითად, უკრაინა ომობს, მაგრამ მაინც არ ამბობს უარს ეკონომიკურ კავშირებზე, უფრო მეტიც, ხორბლის ექსპორტზეც მოუწერა ხელი თავის მოსისხლე მტერს. რაც უნდა დაპირისპირებული იყოს ორი ქვეყანა, როცა შენი ხალხის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ნებისმიერი გონიერი ადამიანი დათმობაზე მიდის. ეკონომიკური კავშირების ერთბაშად გაწყვეტა შეუძლებელია, რადგან ეს შიმშილს გამოიწვევს. ამიტომ არ მესმის, ჩვენს მთავრობას რატომ აკრიტიკებენ, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები უნდა დაეწესებინაო. მაინტერესებს რუსეთთან რომელი სანქციები უნდა დაგვეწესებინა?! შეგახსენებთ, ჩვენზე ბევრად ძლიერი გერმანია ბუნებრივ აირს დღემდე რუსეთისგან ყიდულობს. თუ მოსისხლე მტრები ახერხებენ მოლაპარაკებას და სასიცოცხლო საკითხებზე შეთანხმებას, ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ?
ლია მუხაშავრია, ადვოკატი: – ალბათ, ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. იცით, რამდენჯერ მიკამათია ამ თემაზე? სამარშრუტო ტაქსიში რუსულ პოპმუსიკას რომ უსმენენ, ვინ იცის, რამდენჯერ მითხოვია: გამორთეთ, რუსეთი ჩვენი მტერია, უამრავი კარგი სიმღერა არსებობს და რაღა მაინცდამაინც რუსული უნდა მოვისმინოთ-მეთქი. გული მწყდება, ოკუპანტის ხელოვნებით ტკბობა რატომ უნდა გინდოდეს, ან ოკუპანტს რატომ უნდა ეახლო და უმღერო? ნათქვამია, რომ ხელოვნებამ ადამიანს სიხარულის და ბედნიერების განცდა უნდა მოჰგვაროს, და როცა ამ განცდას მტერს ანიჭებ, დიდი უზნეობა მგონია. ჩემი აზრით, ეს დაბალი თვითშეგნების ბრალია და არა პოლიტიკისა. რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს, მათ გაწყვეტაზე ახლა რატომ ვლაპარაკობთ? 1990-იანი წლებიდან დღემდე რა განსაცდელი არ გამოვიარეთ: აფხაზეთის და ცხინვალის ომი, 2008 წლის აგვისტოს დღეები… ამაზე დღეს რატომ ვლაპარაკობთ, ცოტა გაუგებარია. როცა იცი, რომ რუსეთი შენი დაუძინებელი მტერია, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ მასთან ეკონომიკური ურთიერთობა გინდოდეს. 30 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ამ მდგომარეობაში ვართ. ხომ შეიძლებოდა ისე აგვეწყო საქმე, რომ რუსულ ორბიტას ჩამოვშორებოდით? მე ეს საკითხი შესწავლილი მაქვს და ვიცი, როგორ იყენებენ დიდი ქვეყნები ინვესტიციებსა და ეკონომიკურ კავშირებს სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად. ეს არ არის წმინდა წყლის ბიზნესი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომაც ვკითხულობ: რა აუცილებელია კულტურული, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც მტრულად გვექცევა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერება არ სურს? ეს სფეროები პოლიტიკასთან იმდენად მჭიდრო კავშირშია, რომ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია.
“რუსეთს თუ გავებუტებით, ამით რას მოვიგებთ?!”
იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი: – ჩემი აზრით, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ. გასაგებია, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული, მაგრამ თუ გავებუტებით, ამით რას მოვიგებთ?! ახლა, როცა ომია, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კონფლიქტი შეჩერდეს და დაძაბული სიტუაცია განიმუხტოს. მე მინდა ზიმბაბვესა და მოზამბიკთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მით უმეტეს, რუსეთთან, რომელიც ჩვენი კარის მეზობელია და ნებისმიერ დროს შეუძლია ზიანი მოგვაყენოს. რასაკვირველია, მომღერლებიც უნდა წავიდნენ, მოცეკვავეებიც და ყველა, ვისაც შეუძლია სხვებს საქართველო და ქართული კულტურა შეაყვაროს. ხელოვნებას იმხელა ძალა აქვს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ხალხების შერიგებაც შეუძლია. ქართული კულტურის წყალობით შეგვიძლია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ამის აკრძალვა როგორ შეიძლება? მე რუსული სიმღერების აკრძალვაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ ასე ვიმსჯელებთ, არ წავიკითხოთ პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი. შეიძლება ადამიანმა შექსპირი არ წაიკითხოს იმის გამო, რომ ინგლისი არ მოსწონს? ვფიქრობ, პირიქით უნდა მოვიქცეთ: ჩვენი უნიკალური კულტურა ყველას უნდა გავაცნოთ, რადგან ამ გზით უფრო მეტ მოყვარეს შევიძენთ, თანაც, საქართველოს გაიცნობს ხალხი, რომელმაც არც იცის, სად არის ჩვენი სამშობლო და ვინ არიან ქართველები. სხვა რა იარაღი გვაქვს, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს? – ქართულ კულტურაზე ძლიერი იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნია.”
კვირის პალიტრა