რუსული ექსპანსია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა – ლილუაშვილს პარლამენტში იბარებენ. ოპოზიცია სუს-ის უფროსისგან ითხოვს განმარტებებს იმ განუკითხაობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია.
200 ათასი მხოლოდ ბოლო 2 თვეში. ციფრები საგანგაშოა, თუმცა რეაგირება ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად არ არის.
იუსტიციის სახლებში რუსეთის მოქალაქეების რიგები დგას. ზოგი უძრავ ქონებას იფორმებს, ზოგი ბიზნესს არეგისტრირებს, ზოგი კი ბინადრობის მოწმობას იღებს.
თბილისის ცენტრში უკვე რუსული წარწერებით ტაქსებიც გამოჩდნენ და ისინი მომხმარებელს სერვისს რუბლებში სთავაზობენ. ავტომობილზე არცერთი ქართული სიტყვა არ წერია – ყველაფერი რუსულად და ოკუპანტი ქვეყნის ვალუტაში. კანონით, ეს დანაშაულია, თუმცა ამ ყველაფერს არ იმჩნევს არც საგადსახადო სამსახური, არც მერია და არცერთი სახელმწიფო უწყება.
რუბლებში მგზავრობასთან ერთად, უკვე ყველგან შესაძლებელია რუსული ესტრადის მოსმენაც. რესტორნებსა და კვების ობიექტებში ოკუპანტი ქვეყნის ენაზე უკრავენ. არცერთი ზედამხედველი უწყება არც ამას აკონტროლებს.
თბილისში გადმოსახლებული რუსები კი თავს სტუმრებად აღარ გრძნობენ. ანადგურებენ ყველა იმ კაფეს და ბარს, სადაც მათ გაღიმებული არ ხვდებიან. ათასობით რუსეთის მოქალაქის პირველი სამიზნე დედაენის ბარი მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ იქ მისულ რუსებს მათთვის მიუღებელი კითხვები დაუსვეს. ბარში მხოლოდ იმ პირობით უშვებენ, თუ დაეთანხმებიან, რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
დედაენის ბარისგან განსხვავებით, რესტორნების ნაწილისთვის არც ოკუპაციაა პრობლემა და არც რუსულით ჩანაცვლებული სახელმწიფო ენა. მასპინძლობით ნასიამოვნები სტუმრები კი ამბობენ, რომ საქართველო მათი ფავორიტი ქვეყნების სათავეშია. ოკუპაციაზე დასმულ კითხვას კი ყველა მათგანი თავს არიდებს.