ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ხვალინდელ დღეზე “კვირის პალიტრას” ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური ესაუბრება.
”დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი გამოგონილია, ჩვენ შევქმენით ეს დრო… ჩვენი ხასიათის გამო ვერასოდეს მოვერგეთ დროის მოთხოვნებს. დროს ვერ მივდევთ, რასაც ითხოვს, იმის შესრულება გვიჭირს, იმიტომ, რომ მზად არა ვართ და არც სურვილი გვქონია, მზად ვყოფილიყავით. ვიღაცისთვის ქაოსი მომგებიანია და სასარგებლო. ისინი არ ფიქრობენ არც ქვეყნის, არც შვილიშვილების მომავალზე, ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით კმაყოფილდებიან. ნგრევა არასოდეს ქმნის მყარ მომავალს. ყველანაირი ნგრევა ჩემთვის მიუღებელია. რაც არ მოგწონს, უნდა შეცვალო, კი არ უნდა დაანგრიო! ჩვენ კიდევ, ნგრევა გვსიამოვნებს – ვანგრევთ და მერე თავიდან ვიწყებთ მშენებლობას, ამ მშენებლობის დროს კი საგრძნობლად ჩამოვრჩებით და გვიჩნდება უკმაყოფილების განცდა… ამიტომ ვფიქრობ, რომ, როგორც ილია ბრძანებს ,,მგზავრის წერილებში”, სანამ ჩვენი თავის ბატონ-პატრონები არ ვიქნებით, არაფერი შეიცვლება… ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. მეც რაღაცა შეცდომას ვუშვებ, შენც, მაგრამ ჩვენი შეცდომების გამოსწორებას ცალ-ცალკე ვერასოდეს შევძლებთ, ერთად უნდა ვიდგეთ, ჩვენ კი ერთად დგომა არ გვინდა. ყველაზე საშინელება ის არის, რომ რასაც მე ვფიქრობ, რასაც ვამბობ, ის მიმაჩნია ჭეშმარიტებად. თითქოს ჭეშმარიტების ძიებაში ვართ, მაგრამ ჭეშმარიტება რა არის, წარმოდგენა არ გვაქვს. ჭეშმარიტება არ არის საკუთარი ცხოვრების მოწყობა, ჭეშმარიტებაა ის, როცა შენი გაკეთებული სხვას გამოადგება, სხვისთვის იქნება სარგო. ამისთვის უნდა გაიღო ყველაფერი…
დავიჯერო, ხალხი აღარ არის ქვეყანაში, რომლის ყურისგდებაც შეიძლება?! ჩვენ რამდენიმე ათეულ კაცს გამოვარჩევთ ხოლმე, ან ასეულს და იმათი ყურისმგდებლები ვართ, იმათი გვჯერა… მე ხომ ცხვარში გავატარე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი და როცა გინდა ცხვარი გარეკო, აიმძღვარებ წინ რამდენიმე თხას, ის უბედური ცხვარი კი მისდევს, გინდაც კლდეზე გადაიჩეხოს… არ მინდა, ჩვენ ამ ცხვრის პოზიციაში ვიყოთ. სიტყვა “ლიდერი” არის ყველაზე ცუდი, რაც კი ჩემი ბაგიდან წამოსულა. უსაზიზღრესი სიტყვა. ლიდერი არ გვინდა. რა აუცილებელია? ლიდერი სრულყოფილია? ლიდერი ღმერთია. არაფერს ისეთს არ გთხოვს უფალი, რომ შესრულება არ შეგეძლოს. 10 მცნება გაქვს, მეტი ხომ არა…
ელჩები გექცევიან ისე, როგორც იმსახურებ. შენ აძლევ ამის უფლებას შენი საქციელით. როგორ შეიძლება, როცა მომეპრიანება მაშინ ვაგინო რომელიმე ქვეყნის ელჩს?! ან რა წესია, ის ხომ შენი სტუმარია და განა გაქვს უფლება, ასეთი სიტყვებით მოიხსენიო? შეურაცხყოფა მიაყენო? დაუშვა რომელიმე ქვეყნის ელჩმა შეცდომა? ესე იგი შენ გამოიწვიე შენი საქციელით. ეს რაზე მიანიშნებს? რომ შენ ყვირი, საუბარი კი არ შეგიძლია, სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეგიძლია…ჩვენ არ გვინდა, საზოგადოება გავზარდოთ, არადა, თუ საზოგადოება გაიზრდება, პოლიტიკურ პარტიებს ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცლებათ. ისინი ფუნქციას დაკარგავენ, ამიტომ სხვადასხვა გზით ცდილობენ, საზოგადოება ქვეყნის გვერდით კი არა, მათ გვერდით იყოს! ძილშიც სამშობლო უნდა გელანდებოდეს, მის და ხალხის სიკეთეზე უნდა ფიქრობდე და არა – საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩემზე ფიქრობს, ჩემს კეთილდღეობაზე…
საზოგადოება, საქართველო ურემია. მე და თქვენ ხომ საქართველოს შემადგენელი ნაწილი ვართ. ქვეყანა არის ურემი, პოლიტიკოსები – გამწევი ძალა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ეწევიან ამ ურემს და ამიტომ დგას უძრავად. ამათი წინდაუხედაობით ქვაზე გორდება ურმის თვალი და ბრუნდება. არც ერთი ქვეყანა არ შეგაშველებს ხელს, თუ შენ თვითონ სწორად არ მოიქცევი… გადაბრუნების პროცესი სასიამოვნოა საყურებლად. თუ ურემი გადაბრუნდა, ამ მიწას პატრონი გამოუჩნდება – უამრავი თვალია აქეთ მოპყრობილი და სანამ ჩვენ ჯიუტი თხებივით ერთმანეთს ვასკდებით, ეს ქვეყანა სხვას დარჩება. თავში ქვა უნდა იხალოს ერთმაც და მეორემაც, შეთანხმდნენ და სწორი გეზი აიღონ, რომ მერე შვილებისა და შვილიშვილების თაობას არ გაუჭირდეს. საყრდენი უნდა დავუტოვოთ, რომ მერე ზედ მომავალი დააშენონ…” – აცხადებს ხარხელაური.