უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეეხო სანქციების, მათ შორის “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს.
პოდოლიაკი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ყველას, ვისაც რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობები აქვთ.
“ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ამის თაობაზე. ბატონმა მაკფოლმა, ამაზე საჯაროდ ისაუბრა და ჩვენ გამუდმებით ვუსვამთ ხაზს, რომ ვფიქრობთ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციები დაწესდეს. ისევე როგორც სხვების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი თუ ისეთი ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან. არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს, მსგავს კომპანიებში. ეს ობიექტურად ასეა. პირები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან მუშაობენ უნდა გაირიცხონ ცივილიზებული თანამეგობრობიდან, ჩამოერთვათ პრივილეგიები, და ვერ შეძლონ მაგალითად თავისუფლად გადაადგილება, ცივილიზებულ სამყაროში. ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ და ვამბობთ ივანიშვილთან დაკავშირებითაც”, – თქვა პოდოლიაკმა.