ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო,
მე მივმართავ მათ, ვინც საქართველოშია, უმკლავდებიან იმ უბედურებას, რაც ეხლა ქვეყანაში ტრიალებს, არ აპირებენ იქედან წასვლას და ბრძოლისთვისაც უკან არ დაიხევენ. ვიცი, ცოტანი ხართ ასეთები, ძალიან ცოტანი, მაგრამ ამით ჩემთვის მით უფრო ძვირფასები და სათაყვანოები.
მე თავს ვხრი თქვენს წინ, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ჭეშმარიტად საოცარი ხალხი ხართ, რადგან გაუძელით და გადაურჩით არაერთი ათეული წლის გამანადგურებელ ძალას. თავი რომ დავანებოთ საბჭოთა პერიოდს, როდესაც ჩვენს გენეტიკურად თანდაყოლილ ნაკლოვანებებს კიდევ მრავალი სხვა დაემატა. ავიღოთ თუნდაც უკანასკნელი 35 წელი. ეს ხომ მთელი თაობაა, თაობა, რომელიც უმძიმეს დროს გაჩნდა ამ ქვეყნად და გაიზარდა.
ავიღოთ ზვიად გამსახურდიას მიერ დაწყებული ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლა, ურთიერთდაპირისპირება, ღალატი, რუსული ტანკების დ ჯარისკაცების მიერ 1989 წელს დარბეული, დაჭრილი და მოკლული ადამიანები, საქართველოდან ქართველების გადინების დასაწყისი.
ავიღოთ შევარდნაძისდროინდელი საშინელი წლები, ომი აფხაზეთში, ომი სამაჩაბლოში, ასობით ათასი გაუბედურებული ოჯახი, დაკარგული სახლ-კარი, დაკარგული ნაცნობ-მეგობრები, მხედრიონის მიერ ქართველების ძარცვა, მკვლელობა, დაწიოკება, ნარკომოანიის კატასტროფული ზრდა ახალგაზრდებში, კორუფციის აღზევება, ქვეყნის გაპარტახება, უსინათლობა, უწყლოობა, გაყინული ბინები. 4-5 თვის განმავლობაში დაკეტილი სკოლები, რადგან გათბობის უქონლობის გამო ბავშვები სკოლებში ვერ დადიოდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი კვალი უნდა დაეჩინა ასეთ შეზღუდულ განათლებას მთელი თაობისთვის. იმ წლებში საქართველო ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.
ავიღთ ბორია აფერისტის და მისი მონების გაპარპაშება, კიდევ უფრო მეტი ძარცვა და პარვა, კიდევ უფრო მეტი კორუფცია, ძალადობა, მკვლელობა, ქურდებისა და ბანდიტების ზეიმი. უკიდეგანო უკანონობა, ფულის და მხოლოდ ფულის თაყვანისცემა. ქართველების მასიური გადინება ქვეყნიდან, რუსების მიერ ქვეყნის ფაქტიური დაპატრონება.
აი, ამას ყველაფერს უძლებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, ჩემო არაჩვეულებრივო თანამემამულეებო. როცა ვფიქრობ, რა სულიერი საზრდო კვებავს თქვენს შემართებას, გაძლევთ ამ ძალისხმევას, როცა ვფიქორბ იმაზე, თუ რა მაგალითია თქვენს გულსა თუ გონებაში, რა არის ის იდეა თუ ხსოვნა, რაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იმედს არ გიქრობთ, ჩემი აზრით არის ის წლები, ის ცვლილებები, ის წინსვლა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხდებოდა საქართველოში. ეს იყო მხოლოდ არასრული ცხრა წელი ამ უკანასკნელი ოცდათხუთმეტი წლიდან. ის ადამიანი კი, რომელიც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო, ეხლა ციხეშია და ნელი, საშინელი სიკვდილით კვდება. ქართველების ხელით კვდება, რუსეთს დამონებული ქართველების ხელით!!!
ვაგლახ, რომ ცოტანი ხართ, თორემ საქართველო ეხლა ამ დღეში არ იქნებოდა. მაგრამ მე მით უფრო ვამაყობ თქვენით, მით უფრო მიყვარხართ და მით უფრო მინდა მეც თქვენს გვერდით ვიყო, ჩემი სიცოცხლე რამენაირად თქვენს საკეთილღეოდ გავლიო. უბედურება ის არის, რომ არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, რითი დაგეხმაროთ. მიიღეთ ჩემგან ჩემი თქვენდამი სიყვარული, პატივისცემა, სიამაყე. მე სხვა არაფერი შემიძლია.
წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.