რუსეთში მარცვლეულის ფასები „ჩამოიშალა“ – დარგის ასოციაცია საექსპორტო გადასახადის გაუქმებას მოითხოვს

რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაცია (AKKOR) მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდასა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ ასოციაციის მიერ პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში არის ნათქვამი.

AKKOR მიზეზად მიმდინარე წელს შიდა ბაზარზე მარცვლეულის ფასების კოლაფსს ასახელებს. პუტინისადმი მიმართვის გადაწყვეტილება ლენინგრადის ოლქში, ACCOR-ის საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რაც 2022 წლის მოსავლის ფასებმა განაპირობა.

მარცვლეულის შესასყიდი და გასაყიდი საქონლის ინტერვენციის მექანიზმი რუსეთში 2001 წლიდან მოქმედებს, რაც 2022 წლიდან შაქარსაც შეეხო. სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ მარცვლეულის შესყიდვის ფარგლებში აუქციონი ეროვნულ სასაქონლო ბირჟაზე 1-ელ აგვისტოს დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, 2024 წლისთვის ინტერვენციული ფონდის შეუმცირებელი რეზერვი 3 მილიონი ტონა მარცვლეულითა და 250 ათასი ტონა შაქრით შექმნას. მინისტრი, დიმიტრი პატრუშევი აგვისტოს დასაწყისში ხედავდა რისკებს, რომ მრავალი მიზეზის, მათ შორის უამინდობის გამო წლევანდელ სეზონზე მიზნობრივ 130 მილიონ ტონა მარცვლეულის მოსავალს ვერ მიიღებდნენ.

„ბაზარზე მარცვლეულის ფასები ჩამოიშალა, ხარჯები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოქმედი ფასები გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს,“ – ნათქვამია ACCOR-ის მიმართვაში.

მაგალითად, ACCOR-ის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო საქონელზე ფასები წლის დასაწყისიდან აგვისტომდე 1,5-3-ჯერ გაიზარდა, ხოლო მე-4 კლასის ხორბლის ღირებულება იმავე პერიოდში კილოგრამზე 18-20 რუბლიდან 12-13 რუბლამდე (0,30-0,33 დოლარიდან 0,19-0,21 დოლარამდე) შემცირდა.

„იმ პირობებში, როცა მარცვლეულის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, ფერმერები შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. მკაცრი სანქციების ზეწოლის პირობებში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება, რომელიც ფერმერთა მეურნეობების გაკოტრებას არ დაუშვებს,“ – წერს AKKOR.

ასოციაცია გლობალური ღონისძიების გატარებას, ანუ მარცვლეულზე სახელმწიფო კომპანიის შექმნას მოითხოვს, რომელმაც, შიდა ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისგან პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად უნდა შეიძინოს. თუ კილოგრამის ფასი, მაგალითად, კვლავ 18-20 რუბლამდე (0,30-0,33 დოლარამდე) გაიზარდა, ფერმერებს უნდა ჰქონდეთ უფლება, სახელმწიფო კომპანიისგან თავიანთი მოსავალი ადრინდელი დაბალი, ფიქსირებული ფასით გამოისყიდონ.

ივლისის ბოლოს მინისტრი პატრუშევი აცხადებდა, რომ სამინისტრო მარცვლეულის ფასებს რეგულარულად აკვირდებოდა და, ბაზრის მოთამაშეების მსგავსად, მათი კლების ტენდენციას ამჩნევდა. მაშინ პატრუშევმა პირობა დადო, რომ თუ ფასების ვარდნა გაგრძელდება, სამინისტრო მწარმოებლებისთვის პირდაპირი მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მიიღებს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს კრასნოდარის მხარეში მარცვლეულის ღირებულება, თითქმის, მესამედით დაეცა და 2017 წლის დონეს მიუახლოვდა: ნოვოროსიისკის ტერმინალში კილოგრამის ფასი, დაახლოებით,14 რუბლია (0,23 დოლარია), ხოლო ადგილზე 12–12,5 რუბლად (0,19 დოლარად) იყიდება. ამასთან, მხარეში მარცვლეულის თვითღირებულება წელს შარშანდელზე მაღალია და საშუალოდ, 9-დან 10 რუბლამდე (0,14-0,16 დოლარამდე) შეადგენს. როსტოვის ოლქში მესამე კლასის კილოგრამ ხორბალზე ტრეიდერების საშუალო შესყიდვის ფასი 15 რუბლი (0,24 დოლარი), მეოთხე კლასზე 14,6 რუბლი (0,24 დოლარი), ხოლო მეხუთე კლასის ხორბალზე 12 რუბლი (0,19 დოლარი) დაფიქსირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share