პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართულ $437-მილიარდიან აქტს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში აღნიშნული მიმართულებით დამტკიცებული ყველაზე ძვირად ღირებული კანონპროექტია.
პაკეტი მოიცავს: $369 მილიარდის ინვესტიციას გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით; $64 მილიარდის დაფინანსებას „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ (ე.წ. „ობამაქეარ“) მიმართულებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინიმალური კორპორაციული გადასახადის ზღვრის 15%-მდე ზრდას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც $1 მილიარდზე მეტი წლიური შემოსავალი აქვთ.
პროექტის ინიციატორების შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული გადასახადის ზრდის წყალობით, ფედერალური ბიუჯეტი დამატებით $737 მილიარდის შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს – მეტი მატერიალური რესურსები გამოყოს პრიორიტეტულ სექტორებზე.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების, ენერგორესურსებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის შენელებას და სამომხმარებლო ფასების შემცირებას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-ში 8.5%-იანი ინფლაციაა, რასაც ფედერალური რეზერვი ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს.
„ინფლაციის შემცირების აქტი ახლა უკვე კანონად იქცა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას მიმწოდებლებთან მედიკამენტების ფასებზე მოლაპარაკების საშუალება ექნება. უზრუნველვყოფთ, რომ კორპორაციებმა თავიანთი სამართლიანი წილი გადასახადები გადაიხადონ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც აღნიშნული აქტის დამტკიცებას უმნიშვნელოვანესი მოვლენა (BFD) უწოდა.
აღსანიშნავია, რომ $437-მილიარდიან აქტს მხარი არცერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა არ დაუჭირა. მათი შეფასებით, აღნიშნული აქტი არა ინფლაციის რეალურად შემცირებისკენ, არამედ შუალედური არჩევნებისთვის დემოკრატების პოზიციების გამყარებისკენაა მიმართული.
აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სენატმა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმის წყალობით მიიღო (51 მხარდამჭერი, 50 მოწინააღმდეგე).