რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა – უკვე მესამე თვეა, რაც რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი არა ევროკავშირი, არამედ ჩინეთია.
რაც შეეხება თავად ჩინეთს, მისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთის ფედერაცია გახდა, ამ შემთხვევაში ექსპორტიორებს შორის პირველობა საუდის არაბეთმა დაკარგა.
ოფიციალური საბაჟო უწყების ინფორმაციით, გასულ თვეს რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებული ნედლი ნავთობის მოცულობამ 7.15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთიდან მიღებული ნავთობის საერთო მოცულობა 48.45 მილიონ ტონას აღწევს, რაც 4.4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობის 20-30%-ით გაიაფების ფონზე, ჩინეთში მნიშვნელოვნად იკლებს მოთხოვნა ბრაზილიურ (-27%) და ანგოლურ (-58%) ნავთობზე, რადგან ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯები ზედმეტად მაღალია.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომით ყველაზე დიდი ეკონომიკურ სარგებელს სწორედ ჩინეთი იღებს, რადგან ის საბაზრო ფასზე თითქმის 30%-ით იაფად იღებს ენერგორესურსებს, რასაც, თავის მხრივ, საკუთარი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად იყენებს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები მყარდება, ოფიციალურ პეკინს კი უკრაინის წინააღმდეგ ომი საჯარო განცხადებითაც კი არ დაუგმია.