2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება — ანგარიში

2020 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რომელთაგან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო. ამის შესახებ საუბარია კოალიცია თანასწორობისთვის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.

სქესობრივი ძალადობა

ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის ყველაზე მეტი დანაშაული, კერძოდ, 115 შემთხვევა გამოვლინდა სექსუალური ხასიათის შეღწევაში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ხოლო 73 შემთხვევა — გარყვნილ ქმედებაში.

ავტორები მიუთითებენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხო­ლოდ ექვს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თეულ­ში არ­სე­ბობს არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბული გა­მო­სა­კით­ხი ოთახი, ხო­ლო ბავ­შვის დის­ტან­ციუ­რი და­კით­ხვა მხო­ლოდ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სასამართლოს შე­ნო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისინი დადებითად აფასებენ შსს-ს სის­ტე­მა­ში არასრულწლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შექ­მნას, თუმცა, აღნიშნულია, რომ ის მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს და სხვა რეგიონებში მსგავსი ერთეული არ არსებობს.

კიდევ ერთ პრობლემად დასახელებულია იმ დოკუმენტის არარსებობისა, რომლითაც მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად მსგავს საქმეებში ფსიქოლოგიის ჩართულობის საკითხს დაარეგულირებს, ან რომლითაც იხელმძღვანელებდნენ გამომძიებლები და პროკურორები, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას.

ოჯახში ძალადობა

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, რომ გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, 2020 წელსაც პრობლემური იყო ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. ავტორები აღნიშნავენ, რომ სოცმუშაკთა და სამართალდამცავთა მიერ ფაქტების გამოვლენა, რიგ შემთხვევაში, დაგვიანებულია. უკვე გამოვლენილის შემთხვევაში კი, პრობლემურია თერაპიულ სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე 887 არასრულწლოვანი იქნა დაზარალებულად ცნობილი, მათგან 623 ფაქტზე შემაკავებელი ორდერია გამოცემული. ამასთანავე, საქართველოს რაიონული სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე 13 დამცავი ორდერი გამოიცა.

სკოლებში ძალადობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების პრობლემურობა ნათლად იკვეთება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. კერძოდ, 2020 წლის მანდატურის სამსახურის საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის 657 ფაქტია აღნუსხული, რომელთაგან 432 იყო მოსწავლეებს შორის ძალადობის, იგივე ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევა. რაც შეეხება სკოლებს, სადაც მანდატურის სამსახური არ არის, გასულ წელს ასეთი 11 შემთხვევა აღირიცხა და შესაბამის უწყებებში გადამისამართდა.

ავტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს შემთხვევები შემცირებულია, ეს პოზიტიურად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი გამოწვეულია არა გარემოსა და სისტემის გაჯანსაღებით, არამედ დისტანციური სწავლებით.

“სკოლები კვლავ უძლურები არიან ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით და ვერ უმკლავდებიან უფლების დარღვევის მსუბუქ შემთხვევებსაც კი”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

რეკომენდაციები

რეკომენდაციების სახით ავტორები რამდენიმე პუნქტს გამოყოფენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაიზარდოს ძალადობაგამოვლილ და დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის სახელმწიფო სერვისები, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ უნდა:

  • გაუმჯობესდეს უწყებებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის რეაგირების ეფექტურობის მიზნით;
  • შეიცვალოს საგანმანათლებლო გარემო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რაც მოიცავს აუცილებელ პროფესიონალთა დაქირავების შესაძლებლობის შექმნას სკოლებისთვის, პროგრამების შემუშავებას ბულინგისა და ძალადობის შემთხვევათა პრევენციისა და იდენტიფიცირების მიზნით;
  • არსებითად გადაიხედოს ოჯახში ძალადობის/დანაშაულის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების ეფექტურობა; რეფორმირდეს ბავშვზე ზრუნვის სისტემა;
  • შეიცვალოს სქესობრივ დანაშაულთა შესწავლისა და პრევენციის არსებული მექანიზმი, მათ შორის, შემუშავდეს კიბერდანაშაულების ეფექტური გამოძიება და მსხვერპლთა სათანადო რეაბილიტაცია.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების საქმიანობაში არსებული სისტემური პრობლემებიც. ავტორების განცხადებით, ძირეული ნაბიჯები აქაც უნდა გადაიდგას და გაიზარდოს, როგორც სოცმუშაკების რაოდენობა დატვირთვისა და საჭიროების მიხედვით, ასევე, დიფერენცირდეს მათი საქმიანობა. მათივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა ამაღლდეს სოცმუშაკთა კვალიფიკაცია და უზრუნველყოფილ იქნას უწყვეტი განათლების სისტემა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share