ბევრი რუსისთვის საქართველო სამაშველო რგოლად იქცა – რუსი ბლოგერი

რუსი ბლოგერის, მაქსიმ კაცის იუტუბარხი ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა მათთვის, ვისაც არ სჯერა კრემლის პროპაგანდის. ყოველდღე, თითქმის მილიონ-ნახევარ გამომწერს ის უყვება უკრაინაში მიმდინარე ომსა და სახელმწიფო მედიის ტყუილებზე.

მაქსიმ კაცმა რუსეთი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა და ახლა ისრაელში ცხოვრობს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ პუტინი რუსეთს შიშის და კონფორმიზმის წყალობით მართავს, თუმცა მისი მთავარი იარაღი საბჭოთა ნოსტალგიით მანიპულირებაა. ბლოგერის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს საბჭოთა კავშირი სხვანაირად ენატრებათ.

მაქსიმ კაცი: რუსეთში ახლა ასეთი ატმოსფეროა – ომის წინააღმდეგი თუ ხარ, ჩაგსვამენ. ადამიანები ხედავენ, რომ უამრავი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეა აღძრული ომის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომ მიტინგები დაარბიეს და ასე შემდეგ. ასეთ გარემოში ადამიანები საკუთარ აზრს ფრთხილად გამოხატავენ, მათ შორის, სატელეფონო გამოკითხვებშიც. ამას წინათ ბებიაჩემმა თქვა, დამირეკეს და მე ვუთხარი, არ გეტყვით, რას ვფიქრობ, თორემ მერე „ავტოზაკით” [საბადრაგო მანქანა] ციხეში წამიყვანთო. მარტივია – ომის მოწინააღმდეგეებს ეშინიათ თქვან, რომ ომს ეწინააღმდეგეებიან.

ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ შეუძლიათ რამეზე ზეგავლენა მოახდინონ. სამაგიეროდ, გრძნობენ, რომ მათზე მოახდენენ ზეგავლენას, რამეს თუ არასწორად იტყვიან. ამიტომაც ურჩევნიათ, აზრი არ გამოხატონ. როცა რამეს ეკითხებიან, პასუხობენ, რაც უნდა ის უქნიაო [პუტინს].

ვერ იმიტინგებ, როდესაც შენი პოზიციის გამო 7 წლით გიჭერენ. ამას წინათ დეპუტატს 7 წელი მიუსაჯეს, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვა, მარიუპოლში ბავშვები დაიხოცნენო. როდესაც ძალიან დიდი ალბათობით ციხეში ჩაგსვამენ იმის გამო, რომ ანტისაომარი პოზიცია გამოხატე, ამ პოზიციას აღარ გამოხატავ. ადამიანებს რომ ეგრძნოთ, რომ შეუძლიათ გარეთ გასვლით ხელისუფლების შეცვლა და ომის შეჩერება, აუცილებლად გავიდოდნენ. პიკეტის მოწყობა ახლა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვად აღიქმება. გახვალ, გაგლახავენ, დაგიჭერენ და ყველას დაავიწყდები. აი, როგორც მარინა ოვსიანიკოვას დაემართა. პროტესტი მოაწყო, მერე ლაფი ასხეს, ახლა კი დაიჭირეს და აღარავინ ახსენებს.

ომში მყოფ ქვეყანაში, რომელმაც აშკარად სამხედრო ცენზურა დააწესა, პროტესტი პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი ვერ იქნება. შეიძლება გახდეს, თუკი რამე მოირყევა, თუკი პუტინს რამე ხელიდან გამოეცლება. მაგალითად, თუკი უკრაინა ხერსონის ოლქს გაათავისუფლებს, ან ელიტებში განწყობა შეიცვლება.

ადამიანებს სჭირდებათ განცდა, რომ რამის შეცვლა შეუძლიათ, ამჟამად ეს განცდა არ აქვთ. ამიტომაც, ვერ ვხვდები, რუსებს ახლა მოთხოვნებს რატომ უყენებენ. არ შეუძლიათ და მორჩა.

პუტინი ლიბერალად და ელცინის საქმის გამგრძელებლად ასაღებდა თავს. იუკოსის საქმემდე ლიბერალს დამაჯერებლად თამაშობდა. 2011 წლამდე საზოგადოება არ იყო მზად მასთან საბრძოლველად, უმრავლესობას უბრალოდ აბსტრაგირებულად ცხოვრება და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება აინტერესებდა. პუტინის ადმინისტრაციის პროპაგანდაც ამას აწვებოდა – რომ მოდი, პოლიტიკაში ნუ ჩაერევით, ნუ ივლით არჩევნებზე, ეგ არ ასწორებსო და ა.შ.

სადღაც 2011-2012 წლებში ყველაფერი შეიცვალა. რუსები დაინტერესდნენ პოლიტიკით და ქუჩაში გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება. პუტინი კრემლში დაბრუნდა და მისი რეიტინგი ეცემოდა. ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რად უნდოდათ ასეთი პრეზიდენტი. მაშინ მან დაიწყო მანიპულირება იმ ჭრილობით, რომელიც ბევრ რუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა. ამბობდა, ქვეყანა დავკარგეთ და ჩვენი დიდება უნდა დავიბრუნოთო. ამან ბევრზე იმოქმედა. რუსები სხვანაირად უყურებენ საბჭოთა კავშირის დაშლას, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, საქართველოს ან სომხეთის მოსახლეობა. მათთვის, საბჭოთა კავშირის დაშლა დამოუკიდებლობის მოპოვებაა. რუსებისთვის კი იმ ქვეყნის დაშლას ნიშნავს, სადაც ცხოვრობდნენ.

რუსეთის მხრიდან მოხალისეები თითქმის არ იბრძვიან, მხოლოდ დაქირავებული მებრძოლები არიან, რომელთაც დიდ ფულს უხდიან. მაგრამ ახლა უკრაინელები ამბობენ, სანამ რუსეთი არსებობს, ჩვენ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებითო. პუტინი ეცდება, ამას ჩაეჭიდოს, და რუსები დააჯეროს, რომ ამ ომში წავიდნენ. ჯერ არ გამოსდის.

საქართველო ერთ-ერთი მთავარი წერტილია, სადაც პუტინის მოწინააღმდეგეები გარბიან და ბევრი რუსისთვის სამაშველო რგოლად იქცა. სამოქალაქო საზოგადოებამ იცის, რომ გასაქცევი აქვს. რაც შეეხება იმას, რომ პუტინი რუსების გადასარჩენად მოვიდეს… ვფიქრობ, ეს ის არგუმენტია, რომლითაც ვინმეს შეშინება კარგად შეიძლება, მაგრამ ობიექტურად არ მგონია, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. რამდენიმე ათეული ათასი რუსი ოპოზიციონერი პუტინს ვერანაირად ვერ დაეხმარება საქართველოს დაპყრობაში… ჩემი აზრით, პუტინს რამის გაკეთება თუ მოუნდა, საბაბი არ დასჭირდება.” – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან მაქსიმ კაცი.

წყარო – რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share