როგორ გაუმასპინძლდა დიმიტრი გურიელი დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს

როგორ გაუმასპინძლდა დიმიტრი გურიელი დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს
.
(1863 წლის 8 აპრილი) მდინარე ნატანებზე თავადმა დიმიტრი გურიელმა დიდ მთავარს შემოაგება სამი მდიდრულად აღკაზმული ცხენი: ერთი თეთრი, წმინდა არაბული სისხლის, აზიური უნაგირითა და ოქროს აღკაზმულობით დიდი მთავრისათვის, ხოლო მისი ამალისათვის ორი ულაყი ვერცხლის აღკაზმულობით, ცხენები მოიყვანა სამმა ახალგაზრდა თავადმა, რომელთაც ეცვათ ოქროთი გაწყობილი წითელი ხავერდის ჩაქურა, მოსხმული ჰქონდათ წითელივე ყაბალახები და აღჭურვილნი იყვნენ ბრწყინვალე შეიარაღებით. დიდმა მთავარმა მათი დანახვისთანავე ინება შემჯდარიყო არაბულ რაშზე და ახლგაზრდა თავადების წინამძღოლობითა და გურიის თავადაზნაურების უზარმაზარი ბადრაგით გააგრძელა გზა.
.
ოზურგეთის ფარგლებში მას დახვდა ქალაქის მოსახლეობა დროშებით, ხოლო ქალაქის დეპუტატებმა მიართვეს პური და მარილი. მოედნიდან ეკლესისკენ მიმავალ გზაზე მის უდიდებულესობას ყვავილებს აყრიდნენ ერთი მხრიდან კაცები და მეორედან კი ქალები. ეკლესიაში დახვდა სამხედრო და სამოქალქო ჩინების სრული თავყრილობა, სადაც მის უდიდებულესობას შემოეგება და საზეიმო სიტყვით მიმართა გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა. მცირე ლოცვის შემდეგ დიდმა მთავარმა ინება მისულიყო მისთვის მომზადებულ ბინაზე, გვარდიის პოლკოვნიკის თავად დიმიტრი გურიელის სახლში, სადაც იგი მიაცილა N32 კაზაკთა სახაზო ბატალიონის საპატიო ყარაულმა.
.
სახლის პატრონი თავადი გურიელი მის ბრწყინვალე, მაგრამ მივარდნილ მხარეში ყოველთვის ცნობილი იყო თავისი პატრიარქალურობით. ამ მხარეში ჩამოსულ სტუმარმა მის სახლს გვერდი რომ არ აუაროს იგი ყოველთვის წინასწარ უგზავნის ყველა მათგანს თხოვნას, რომ მის დიდ სახლში დაიდონ ბინა. ცოტა ხნის წინ იგი მასპინძლობდა პრუსიის მემკვიდრე პრინცს და თავისი სტუმართმოყვარეობით დაამტკიცა, რომ მისი სამშობლო მდიდარია აღმოსავლური უბრალოებით და ამასთანავე ნატიფი გემოვნებითა და თავისუფალი ნების მოხერხებულობით ახლოსაა ევროპასთანაც. მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა გვარადაა საქმე: გურიაში ჩამოდის ნეტარი იმპერატორის ძმა, რომელისათვის მასპინძელი მზადაა სიცოცხლეც კი გასწიროს. ასეთი მაღალი წვეულის საკუთარ სახლში მიღება მისთვის ბედნიერებაა, სწორედ ამიტომ მან იგი მიიღო ის ისე მეფურად, როგორც ოდესღაც მისი წინაპრები ღებულობდნენ მათ მეფეებს. ძველი ჩვეულებისამებრ ჭიშკრიდან სახლამდე დაფენილი იყო ფიანდაზი (ოქროს ფარჩა), რომლის ორივე მხარეს იდგა ოქროთი გაწყობილი წითელი ხავერდის ჩაქურებში გამოწყობილი გურულ თავადთა საპატიო ყარაული. კიბეზე მის უდიდებულესობას პურითა და მარილით მიეგებნენ მასპინძლები: თავადი დიმიტრი გურიელი და მისი და ქვრივი თავადის ქალი დესპინე ბაგრატიონი.
.
სახლში ყოველ კართან იდგა ორი ახლგაზრდა მამაკაცი გურიის თავადაზნაურობიდან. ოთახები იყო დალაგებული: პირველი მათგანი მოწყობილი იყო სპარსული გემოვნებით; მაგრამ მას უფრო შეეფრებოდა მისთვის გვეწოდებინა ვერცხლის დარბაზი, რადგანაც აქ აღმოსავლური ხალიჩებ გადაფარებული ტახტებზე და მათზე დაწყობილი ოქროს ძაფებით შეკერილი მუთაქებზე უფრო ყურადღებას იპყრობდა ოთახის კუთხეებში არსებული თაროები (ეტაჟერკა), რომლებიც დახუნძლული იყო ძველებური ძვირფასი ვაზებით, აზარფეშებით, თასებითა და ძველი დროიდან მოყოლებული ყოველნაირი სახის ძვირფასი იარაღით, რომლებიც მხატვრულად ჰქონდათ განთავსებული მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მიხეილ ნიკოლაევიჩის პორტრეტის გარშემო. მეორე ოთახი ევროპული გემოვნებით – ძვირფასი ხავერდის ავეჯით, ფარდებით და სხვადასხვა დანიშნულების ძვირფასი ნივთებით იყო გაწყობილი; მესამე განკუთვნილი იყო კაბინეტისათვის ჩინურ სტილში; მეოთხე – თურქულ ყაიდაზე მდიდრული დივნებით, ოქროს ნივთებით, დიდებული ქარვის ჩიბუხებითა და ყალიონებით. პირდაპირ ამ ოთახის წინ იყო დიდებული ყვავილნარი, ჩინური ფერადოვანი მინიატურული ბესეტკით, სადაც ხარობდა ნაყოფით დატვირთული ლომონისა და ფორთოხლის ხეები. მეხუთე ოთახი მოსახერხებელი და მდიდრული მოსასვენებელი კი საძინებლის დანიშნულებისა გახლდათ.
.
ვახშმისათვის სახლში არჩეული იყო უზარმაზარ დარბაზი, სადაც დიდი მთავრის სავარძელის მოპირადაპირე კეელზე ეკიდა მისი უდიდებულესობის ვენზელი. დარბაზის შუაში გამზადებული იყო ევროპული მაგიდა მდიდრული სერვიზით, ხოლო მის გარშემო გაკეთებული იყო ადგილობრივი სუფრა, რომელზეც იდგა სხვადასხვა სიდიდის ძველებური აზარფეშები, თასები, ბადიები, ბარდაკები, კულები და ჯიხვის რქები.
.
6-1/2 საათზე ევროპულ მაგიდასთან პატივი ჰქონდათ დამსხდარიყვნენ დაახლოებით ოცდახუთ პერსონას, ხოლო ადგილობრივ სუფრას მიუსხდა დაახლოებით სამასამდე თავადი და აზნაური. იმისათვის, რომ მისი უდიდებულესობისათვის წარმოედგინათ წინაპრებისაგან გადმოცემული ადგილობრივი წესჩვეულებები, დაცული იყო როგორც ძველი, ისე ახალი აღმოსავლური ყველა ჩვეულება: სუფრასთან მყოფ თითოეულ სტუმარს, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ვერცხლის ხელისაბანით აწვდიდა წყალს ხელის დასაბანად, მეორეს ეკავა ვერცხლისავე ტაზი, ხოლო მესამე კი აწვდიდა ხელსახოცს.
.
აღმოსავლური ნუგბარის ნარსახეობითა და სუფრის სიუხვით მასპინძლის ბედნიერებას ეჯიბრებოდა სტუმრთა კმაყოფილება და აღფრთოვანება, რომელებისც ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ სამეფო სტუმრის გარშემო ისხდნენ. თავადები და აზნაურები მოხერხებულად წამოხტებოდნენ სუფრიდან და პატივისცემის გამოხატვით მიეახლებოდნენ დიდ მთავარს, ვინ აზარფეშით ხელში, ვინ ბადიით, ვინმე კი კულით, დიდი უმრავლესობა კი ჯიხვის რქით ხელში, რომელიც ღვინით იყო სავსე, მისი ბოლომდე შესმის შემდეგ კი გადასცემდა სხვას იმავე მიზნით. ცეცხლით განათებულ ეზოსა და მოედანზე უამრავი ხალხი იყო, მამაკაცები და ქალები სიხარულს გამოხატავდნენ განუწყვეტელი სიმღერით, ცეკვითა და თოფის სროლით. ქალაქის გარშემო – ექადიის, გორმაღალის, ლიხაურის, შემოქმედის და საირაოს სიმაღლეებზე დიდი კოცონები ენთო, რომელთა მეშვეობით განათებული ჰორიზონტი მთელ ქვეყანას საზეიმო იერს აძლევდა. ვახშამი გადაწყვეტილი იყო აღმოსავლეთის ჰომერული წესებში: რვა კაცმა დარბაზში შემოიტანა მთლიანად შემწვარი ხარი, რომლის დაჭრის შემდეგ, გამოჩნდა მასში ჩადებული ხბო; ხბოს დაჭრის შემდეგ კი მასში ჩადებული შემწვარი ბატკანი, ბატკნიდან კი ინდაური, ინდაურიდან კი ქათამი, ქათმიდან კი მტრედი. თავადი გურიელი მასპინძლის წესისამებრ ფეხზე იდგა და სტუმრების გამასპინძლებით იყო დაკავებული.
.
ვახშამზე მისმა იპერატორობითმა უდიდებულესობამ ინება წარმოეთქვა ხელმწიფე იმპერატორის ჯანმრთელობის სადღეგრძელო. რომლის პასუხადაც გარეთ გაისმა აღფრთოვანებულთა შეძახილები, ატყდა თოფებისა და თურქებისათვის წართმეული სამი ზარბაზნის სროლა. მისი უდიდებულესობის შეკითხვაზე: „აქ არტილერისტები არის?“ თავადმა გურიელმა მოახსენა: „გურულები არიან“.
.
P.S. ზემოხსენებული გახლავთ რუსულ პრესაში 1863 წელს გავრცელებული სტატიის ნაწყვეტი, სტატია ეძღვნება კავკასიის მეფისნაცვლის დიდი მთავარის მიხეილ ნიკოლოზოვიჩ რომანოვის ჩასვლას ქუთაისის გუბერნიაში. ასევე სტატიაში მცირე აღწერა ეთმობა დიმიტრი გურიელთან პრუსიის მემკვიდრე პრინცის – ფრიდრიხ ჰენრიხ ალბერტ პრუსიელის სტუმრობა, რომელიც 1842 წელს აჯანყებული მთიელების წინააღმდეგ რუსების მხარეს იბრძოდა და შემდგომ პერიოდში კავკასიაში მოგზაურობდა და დიმიტრი გურიელთანაც სტუმრობდა 1862 წელს.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share