მძიმე ზამთრის მოლოდინში ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ. ამის მიზეზი კი ის ენერგეტიკული ომია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.
როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს ზამთარი იქნება მძიმე ევროპისთვის, მაგრამ არა კატასტროფული.
„ევროპა გამოვა ამ სიტუაციიდან. ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდნენ. საფრანგეთმა უკვე დაიწყო ატომური სადგურების ამუშავება. ასევე თავისი ატომური სადგურების ამუშავებას იწყებს გერმანიაც. იმ ორ სერიოზულ კომპანიას რომელიც გერმანიას გაზით ამარაგებს 24 თებერვლის შემდეგ, თავის დროზე რომ ეფიქრა, არ ყოფილიყო ჩაბღაუჭებული ამ რუსულ გაზს და დაეწყო იმ თხევადი გაზის მცურავი პორტალების მოწყობა, ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იქნებოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ 5 პორტალი უკვე გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ იქნებიან მძიმედ, მაგრამ არა კატასტროფულად.
რაც შეეხება უკრაინას, საბედნიეროდ 4 ატომური სადგური კიდევ აქვს, რომელიც წესრიგშია. კანადა თანახმაა, რომ მიაწოდოს ურანი უკრაინას და მომარაგების პრობლემა არ შეექმნას. მართალია, რუსებმა ხარკოვში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური ააფეთქეს, მაგრამ დაზიანდა მხოლოდ 1-ლი ბლოკი, სადგური მუშა მდგომარეობაშია და გააგრძელებს მუშაობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალიან დავარდა და შემცირდა უკრაინის მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ელექტროქსელი უკვე ჩაერთო ევროპასთან, შესაბამისად, რაღაც კატასტროფულ სიტუაციაში უკრაინას შეუძლია ენერგიის გარკვეული რაოდენობა წამოიღოს ევროპიდან. შედეგად, ეს ზამთარი კატასტროფული არც უკრაინისთვის იქნება და ომის მიმდინარეობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს,“- განაცხადა არაბიძემ.
ენერგეტიკოსმა ისაუბრა ასევე თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე და მოსალოდნელია თუ არა გაზის, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ან მიწოდების შეფერხება.
„რაც შეეხება საქართველოს, გაზთან დაკავშირებით ის გრძელვადიანი ხელშეკრულება რაც „სოკართან“გვაქვს, მუშობს და პრობლემა არ არის. დაახლოებით 16-17 მლრდ კუბურ მეტრამდე არის გატარების საშუალება აზერბაიჯანისა ევროპაში, შესაბამისად, წლის ბოლომდე წილობრივად საკმაოდ სერიოზული მოცულობა დაგვრჩება. გამომდინარე აქედან, არამგონია ტარიფმა რადიკალური ცვლილება განიცადოს.
ცოტა უფრო ელექტროენერგიის პრობლემის მეშინია, იმიტომ რომ ფასია ძალიან დავარდნილი. თურქეთში თითქმის 21 ცენტამდე მივიდა ფასი, ამიტომ ძალიან კარგი იყო, რომ ელექტროენერგიას ვყიდდით აგვისტოში, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება როცა ნოემბერ-დეკემბერში საყიდი გვექნება. იმ შემთხვევაში თუ ავამუშავეთ ჩვენი თბოელექტროსადგურები და იმ სოციალური გაზის რაოდენობა, რომელსაც ახლა ველოდებით, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით, 200-300 ათასი კუბური მეტრით ზედმეტი დაგვრჩა, რაც დაახლოებით 150 მლნ კვტ.სთ-ია, ვფიქრობ, ზამთარს არ გვექნება სერიოზული პრობლემები არც ტარიფებთან და არც რაოდენობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ელეტროენერგიის ტარიფს, მისი გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ასე რომ ევროპისა და უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს შემთხვევაში უფრო მშვიდად ვარ,“-განაცხადა არაბიძემ.