ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას.
„პარლამენტმა საბოლოო ჯამში 5 თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა მისი გადაწყვეტილება მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას, აქედან გამომდინარე კანონს ხელი მოვაწერე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისათვის, პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებდა, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა. პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავდა, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.