ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია გამოცემა Vogue-ს თავისი კარიერის დასაწყისზე ესაუბრა. დემნამ გაიხსენა თუ როგორ იწყებოდა მისი მოდის სფეროში მოღვაწეობა.
კითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი მოდის განათლება ახალგაზრდა დიზაინერისთვის, დემნამ უპასუხა, რომ სკოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ მიიჩნევს, რომ დღეს კარგი სასწავლებლები არსადაა.
ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ მოდის სკოლებში სწავლება 20 წლით ჩამორჩება დღევანდელ მოდასა და სამყაროს და მათ მეთოდოლოგიას უწუნებს.
“მე პირადად ბევრ ადამიანს ვუცვლი იდეებს და აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს, ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, მზარეულსაც კი! მინდა გავიგო, მათი აზრით, ვინაა პოტენციური მომხმარებელი იმისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ”.
დიზაინერის თქმით, წარმატების გზაზე შეცდომების დაშვება მნიშვნელოვანია.
“წარუმატებლობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია… ეს საჭიროა.
მახსოვს საკუთარი თავი, როგორ ვიყავი შეშინებული იმაზე ფიქრით, რომ არაფერი გამომივიდოდა, რადგან არავის ვაღელვებდი. ამიტომ უნდა ვუთხრათ ახალგაზრდა შემოქმედებს, – ჰეი, წარუმატებლობა შესანიშნავია! იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა წარმატებისკენ”. – ამბობს გვასალია.