ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას სამთავრობო მედია imedinews.ge ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და კომპენსაციას ითხოვს.
საქმე ეხება TV პირველის გადაცემაში 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა. სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი ამ უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ის “უწყებების დუმილის” მიზეზად პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დედას ასახელებდა.
“თეატრალური უნივერსიტეტის დეკანის უკვე ყოფილი მოადგილე, რომელიც გაყალბებული დიპლომების გამცემი პირების დასჯას კარდაკარ ითხოვს, ამტკიცებს, რომ ყველა უწყების დუმილის მიზეზი ერთია – პარტია ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე. კობახიძის დედა განათლების სამინისტროს ხარისხის კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ყო. მას შემდეგ, რაც ცენტრმა დაადგინა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის გაცემული დიპლომების გაცემული ნაწილი ნამდვილი არ იყო, გზაში ამ დასკვნას სწორედ კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის ცნობა დაეწია, რომელშიც ის წერს, რომ დიპლომები, რომლებიც მანამდე გაყალბებულად გამოაცხადეს, ნამდვილია”, – ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.
როგორც “იმედინიუსი” წერს, ზაალიშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.
ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის – “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.