ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი:
„ოპოზიციამ უნდა შეასრულოს სამუშაო. ეს სამუშაო ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება არის ცუდი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამომრჩეველი ამბობს, „გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცუდია, არ მოგვწონს, მაგრამ შენ რომ კარგი ხარ, ამას როდის გვეტყვი? როდის დამარწმუნებ, რომ შენ სანდო ხარ, რომ შეგიძლია უკეთესის გაკეთება და შენი გეგმა რეალისტურია“.
სამუშაოს მეორე ნაწილს ოპოზიცია არ ასრულებს. ბიძინა ივანიშვილი იმას კი არ ამტკიცებდა, რომ თვითონ არის კარგი, ის ამტკიცებდა, რომ ყველა ნაგავია ამ ქვეყანაში, მთელი ოპოზიცია ნაგავია. მან ეს მოახერხა.
დღეს ოპოზიცია ვერ ახერხებს თავისი რეპუტაციის გამოსწორებას და ეს რეპუტაცია რომ გამოასწოროს, პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შექმნას, რაც მთავარია ხალხთან უნდა მივიდეს. ეს ოპოზიცია ხალხში გასული გინახავთ? კამერულ პარტიებად იქცნენ. ტელევიზორში რაღაც ჭკვიანურ რაღაცებს ილაპარაკებენ, ხელისუფლებას გამოთათხავენ და ეს ჰგონიათ პოლიტიკა.
ხალხი ყველანაირი კონფიგურაციისთვის მზად არის. მარტივ რაღაცას გეტყვით, როგორ მოახერხა ხელისუფლებამ იმ სტიგმის მიწებება ოპოზიციისთვის, რომ ოპოზიციას ომი უნდა და ხელისუფლება არ დაუშვებს ომს. იმიტომ რომ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა უნარი, აესხლიტა ეს ყველაფერი, ვერ გაატარა სწორი პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ეს არის სპეკულაცია.
პოლიტიკა რთული საქმეა, ისე არ კეთდება, წინააღმდეგობები უნდა გადალახო. აბა როგორ უნდათ? ხონჩით მირთმეული ძალაუფლება უნდათ? ახლა იმის იმედზე არიან, ბიძინას სანქციები დაუწესდებაო, დიდი ბოდიში, მაგრამ ბიძინას რომ პრობლემები ექნება, ეს თქვენს პრობლემას როგორ ხსნის? ბიძინა რომ ცუდია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კარგები ხართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია და თქვენც ცუდები ხართ, მეტს არაფერს ნიშნავს“, – დასძინა ხუხაშვილმა.