1899 წლის 3 ოქტომბერს ოზურგეთის საზოგადოება 25 წლის ულამაზეს ქალს ელენე კონსტანტინეს ასულ გურიელს აცილებდა უკანსკნელ გზაზე. მანამდე 1898 წლის გაზაფხულზე ელენე გურიელი ლევ ტოლსტოის შვილს ანდრეი ტოლსტოის შეხვდა თბილისში. შეხვედრიდან მალევე შეყვარებულმა ანდრეიმ ელენეს ხელი სთხოვა, ელენე გურიელი დათანხმდა და ქორწინება გურიელების ოჯახთანაც შეთანხმდა, რის შემდეგაც ანდრეი იმ მიზნით, რომ მისი ქორწინება თავის მშობელებთან უნდა შეეთანხმებინა რუსეთში დაბრუნდა, სადაც მალევე ოლგა დიტრიხზე დაქორწინდა.
.
როცა ამაყმა ელენე გურიელმა ანდრეი ტოლსტოის ქორწინების შესახებ გაიგო თავის მოკვლა სცადა, პისტოლეტით გასროლა სასიკვდილო არ აღმოჩნდა, თუმცა ელენე გურიელი ამავე ჭრილობისაგან გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ.
.
3 ოქტომბერს ოზურგეთში ელენე გურიელის სახლთან მთელი გურიის მოსახლეობა შეიკრიბა, იქაურობა გადაჭედილი იყო ყვავილებითა და გვირგვინებით. „მთელი მაზრის და ქალაქი მცხოვრებთა უმრავლესობა შეკრბა ქალაქ ოზურგეთში ახალგაზრდა მიცვალებულის ელენე გურიელის ასულის პატივსაცემად. იშვიათად მოხდება ხოლმე, რომ ასეთ ახალგაზრდა ქალიშვილის გარდაცვალებას ამდენი გულწრფელი მწუხარება გამოეწვიოს მთელ ადგილობრივ საზოგადოებაში. ამ გარემოების მიზეზი ის არის, რომ განსვენებული ელენე გურიელის ასული კეთილი, პატიოსანი და კარგი ხასიათის ადამიანი იყო“ წერდა გაზეთი „ივერია“.
.
მამამ სახლიდან გამოსვენებისას შვილი დაიტირა – „შვილო, დღეიდან ჩემი სახლის კარები უნდა დაიხუროს, საზოგადოება შენით მიცნობდა, შენ შეაყვარე მას ეს ოჯახიო.“ (ივერია)
.
ელენე გურიელი ცნობილი ყოფილა თავისი მზრუნველობით ოზურგეთის სამრევლო საქალებო სკოლის მოსწავლეთა მიმართ. „გულსაკლავი იყო ის სურათი, როდესაც სახლიდან გამოსვენებულ, მრავალ გვირგვინებითა და მოკაზმულ კუბოს, კიბესთან ეზოში დახვდა ახალგაზდა მეგობრები, ქალიშვილები და განსვენებულის სამზრუნველო სამრევლო საქალებო სკოლის მოწაფენი გვირგვინებითა და ყვავილებით“ (ივერია);
.
გაზეთ „ივერიის“ ამ დღისადმი მიძღვნილ წერილში არის ქალაქ ოზურგეთის თავის ნიკო თავდგირიძის სიტყვა, რომლიდან ჩანს მისი დამოკიდებულება მომხდარისადმი და ზოგადად ქალების პრობლემებთან დაკავშირებით – „ვაჟკაცებს კიდე თვით მათის ცხოვრების შინაარსიანობა, თავისუფლება და ფართო ასპარეზი ავარჯიშებს აჩვენებს გზას; სულ სხვანაირ მდგომარეობაშია ჩვენებური ქალიშვილი: თუ კარგი დამხმარე, ხელის გამწყობი, მრჩეველი არ შეხვდა, მისი გულითადი წადილი გამოურკვეველი და გრძნობები დაუკმაყოფილებელი დარჩება სიკვდილამდის.“
.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო თავდგირიძე განსაკუთრებული პიროვნებაა არამარტო ოზურგეთის ისტორიაში, მისი განათლებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის უნარის მქონე მმართველი გურიის ისტორიას არ ახსოვს, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით გურიის ერობის თავმჯდომარეს სიო ჭანტურიშვილს, რომელიც ასევე განსაკუთრებული, მაგრამ ჩვენი წარსულის მივიწყებული შემოქმედი გმირი გახლავთ.
.
გურიაში არსებული წესისამებრ ელენე გურიელის კუბო გამოასვენა თორმეტმა ქალიშვილმა და გადაასვენა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, საიდანაც ცხედარი შემოქმედის მონასტერში – გურიელთა საძვალეში უნდა გადაესვენებინათ. შეკრებილმა ხალხმა ითხოვა მიეცათ ნება ქალიშვილი ოზურგეთიდან ხელით გადაესვენებინათ შემოქმედის მონასტერში, ელენე გურიელს აურაცხელი ხალხი მიაცილებდა ოზურგეთიდან შემოქმედის მონასტრისაკენ.
.
შემოქმედის მონასტრის ეზოში დასვენებულ ცხედართან შეკრებილმა საზოგადოებამ ელენე გურიელის საპატივცემულოდ დაზიანებული შემოქმედის მონასტრის აღდგენის პირობა დადო და მისი დაკრძალვის შემდეგ ამ მიზნით იქვე შეიქმნა შემოქმედის მონასტრის განმაახლებელი კომიტეტი და იქვე დაიწყეს კომიტეტისათვის შემოწირულების გადაცემა.
.
კომიტეტის წევრებს ნიკო თავდგირიძეს და დიმიტრი ქიქოძეს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ იქვე გადასცა 1500 მანეთი, კნეინა სალომე გურიელმა 1500 მანეთის გადაცემის პირობაზე მოაწერა ხელი, ხოლო ძმებმა დუმბაძეებმა თითეულმა 150 მანეთი მთლიანობაში 1050 მანეთის გადაცემის პირობა დადეს.
.
1820 წელის აგვისტოში რუსებმა შემოქმედის ციხე ააფეთქეს, რასაც ციხის ეზოში მგდარი შემოქმედის მონასტრის დაზიანება მოყვა, ელენე გურიელის დაკრძალვის დღეს შექმნილმა შემოქმედის მონასტრის განმაახლებელი კომიტეტმა შექმნის დღიდანვე დაიწყო მონასტრის აღდგენა.
.
მასალა მომზადებულია – გაზეთი ივერია 1899 წელის 12 ოქტომბერი
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის – გურული თავადის ქალი