ჰოლანდიის პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადება კრემლში შექმნილი პანიკის ნიშანია, რომელიც დასავლეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირ საფრთხედ არ უნდა იქნეს აღქმული.
“მობილიზაცია, დონეცკში რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოწოდება, ეს ყველაფერი პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც ჩვენ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ. მე გირჩევდით, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ”. – თქვა რუტემ.
ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
“თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ – ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს”. – თქვა პუტინმა.
ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.
“მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს”. – ამბობს პუტინი მიმართვაში.