საქართველოს მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებს, ასევე მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციას და უძრავი ქონების შეძენას ეხმაურებიან და ამ პროცესებთან დაკავშირებით მანიფესტს ავრცელებენ.
სადაც მოითხოვენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვეთანხმებით მასში ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ პირობებს, მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ანგარიშვალდებულია ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და პასუხს აგებს მის უსაფრთხოებაზე:
- დაუყოვნებლივ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან (და დაუშვას ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დევნილი პირები, რომლებიც დაიშვებიან საქართველოში მხოლოდ შესაბამისი გადამოწმებისა და დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში).
- დააწესოს მორატირიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის.
- შეუზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა (და ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!).
მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში შემცირდება როგორც საგარეო და შიდა რისკები, ისე პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოტივით საქართველოში პროვოკაციების მოწყობის რისკი”, – წერია მანიფესტში.